რა უნდა იცოდე დისკრიმინაციაზე / სექსუალური შევიწროება

რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, თუ სექსუალური შევიწროების თვითმხილველი გავხდით

რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როცა შენი რასის, სქესის, რელიგიის, კანის ფერის, გენდერის, წონის, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური შესაძლებლობების ან წარმომავლობის გამო გავიწროებენ? უარესი, ვიდრე ის, რომ ვიღაცას მიზანში ჰყავხარ ამოღებული, ამ დროს კი გარშემო უცხო ადამიანები გულგრილად ჩაგივლიან გვერდს და პასიურ შემსწრედ რჩებიან.

ალბათ უკვე ბევრი ისტორია წაიკითხეთ, სადაც არავინ გამოესარჩლა სექსუალური შევიწროების მსხვერპლს.

ასე არ უნდა ხდებოდეს. ეს არ არის სწორი.

გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ გზები, რომლებიც დაგეხმარებათ  იჩარევაში მაშინ, როცა შენიშნავთ, რომ ქუჩაში ან სხვა საჯარო სივრცეში ვინმეს სექსუალურად ავიწროებენ.

გთავაზობთ გაიდლაინს, რომელსაც “5 გზა” დავარქვით.

მაინც რა არის ეს “5 გზა?” ესენია: პირდაპირი ჩარევა, ყურადღების გადატანა, დელეგირება, გადადება, დოკუმენტირება.

ეს სხვადასხვაგვარი მეთოდებია, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც სექსუალურად ავიწროებენ, – იმის ხაზგასასმელად, რომ შევიწროება შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი საქციელია. ამით ასევე შეგიძლია, სხვა თვითმხილველებსაც აჩვენო, რომ მათაც აქვთ უნარი და ძალა, უფრო უსაფრთხო გახადონ გარემო.

“5 გზიდან” პირველ სამს მიმართავენ სექსუალური შევიწროების მომენტში, რათა  ეს ქმედება შემვიწროებელს შეაწყვეტინონ. ასევე შესაძლებელია, დროში გადადოთ მოქმედება და სექსუალური შევიწროების მსხვერპლთან ინციდენტის შემდეგ დაამყაროთ კონტაქტი.

პირდაპირი ჩარევა

შეიძლება, გადაწვიტო, რომ პირდაპირ ჩაერიო შევიწროების ინციდენტში შემვიწროებელის საქციელისათვის სახელის დარქმევით ან მასთან კონფრონტაციით. შესაძლოა, ტაქტიკა რისკებს შეიცავდეს: არ არის გამორიცხული, შემვიწროებელმა ქცევის ადრესატი შეცვალოს და აგრესია შენკენ მომართოს, რამაც კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია. სანამ პასუხის პირდაპირ გაცემას გადაწყვეტ, შეაფასე სიტუაცია: უზრუნველყოფილია შენი ფიზიკური უსაფრთხოება? უზრუნველყოფილია იმ პიროვნების ფიზიკური უსაფრთხოება, რომელსაც სექსუალურად ავიწროებენ? რამდენად მოსალოდნელია სიტუაციის გამწვავება? შეგიძლია თქვა, რომ პირს, რომელსაც სექსუალურად ავიწროებენ, ამის შესახებ ვინმესთან დალაპარაკება უნდა? თუ ყველა ამ შეკითხვაზე შენი პასუხი არის “კი”, მაშინ შეგიძლია, აირჩიო პირდაპირი პასუხის გზა.

  • უთხარი მოძალადეს, რომ შეწყვიტოს თავისი ქმედება, თორემ მოგიწევს პატრულის გამოძახება; აუხსენი, რომ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, რასაც სჩადის და ამას სექსუალური შევიწროება ჰქვია.
  • ტელეფონით გადაიღე ფოტო ან ვიდეო და შეატყობინე შემვიწროებელს, რომ იწერ მის საქციელს.
  • ჰკითხე მსხვერპლს, როგორ გრძნობს თავს, შესთავაზე დანიშნულების ადგილამდე გაყოლა, დაამყარე მასთან მზერით კონტაქტი, დადექი მის ახლოს ისე, რომ მარტო არ იგრძნოს თავი შემვიწროებლის წინაშე და ჰკითხე, არის თუ არა რამე, რისი გაკეთებაც შეგიძლია მის დასახმარებლად.

 

ყურადღების გადატანა

ყურადღების გადატანა პირდაპირი ჩარევის კიდევ ერთი ალტერნატივაა. მიზანი მარტივია – ჩავშალოთ ან შევწყვიტოთ ინციდენტი.

  • თავი მოაჩვენეთ, თითქოს გზა აგებნათ. იკითხეთ, რა დროა. ნებისმიერ თემაზე გამოელაპარაკეთ პირს, რომელსაც ავიწროებენ და მისი ყურადღება გადაიტანეთ შემვიწროებლიდან.
  • შედით მოქმედების არეალში. გააგრძელეთ იმის კეთება, რასაც აკეთებდით, მაგრამ ჩადექით შემვიწროებელსა და სამიზნეს შორის.
  • ვითომ შემთხვევით დაღვარეთ ყავა; გააკეთეთ უხერხული მოძრაობა.

დელეგირება

დელეგირება ერთ-ერთი უსაფრთხო ტაქტიკაა იმ გზებს შორის, რომელსაც  შეიძლება, თვითმხილველმა მიმართოს ინტერვენციისთვის. გადაამისამართეთ ამოცანები კონკრეტულ პირებზე ან რესურსებზე იმისათვის, რომ მათ დახმარება გაუწიონ მსხვერპლს.

  • იპოვე მაღაზიის კონსულტანტი ან სატრანსპორტო კონდუქტორი და და სთხოვე, ჩაერიოს;
  • დარეკე 112-ზე და ითხოვე დახმარება;
  • ნიშანი მიეცი სხვა შემსწრეს.

გადადება

იმ შემთხვევაში, თუ შენც კი არ შეგიძლია იმ დროს მოქმედება, ეცადე, იმ ადამიანის მდგომარეობაზე იქონიო გავლენა, რომელიც სექსუალურად შეავიწროვეს.

  • ჰკითხე, როგორ გრძნობს თავს და უთხარი, რომ წუხხარ იმის გამო, რასაც შეესწარი;
  • ჰკითხე, თუ შეგიძლია რამით დახმარება;
  • შესთავაზე დანიშნულების ადგილამდე გაყოლა ან ცოტა ხნით ერთად ჩამოსხედით;
  • გაუზიარე დახმარების რესურსები და შესთავაზე, მიიღოს კონსულტაცია.

დოკუმენტირება

შეიძლება, ინციდენტის ჩაწერა მართლაც დაეხმაროს ვინმეს, მაგრამ ამავდროულად, რამდენიმე ფაქტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ უსაფრთხოების თვალსაზრისით და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საქმეს.

  1. პირველ რიგში, შეაფასეთ სიტუაცია. არის თქვენ გარდა ვინმე, ვინც დახმარებას აღმოუჩენს პირს, რომელსაც ავიწროებენ? თუ არა, მაშინ ისარგებლეთ წინა ოთხი ტაქტიკიდან რომელიმე ერთ-ერთით.
  2. თუ ვინმე უკვე მზადაა დასახმარებლად, მაშინ საკუთარი უსაფრთხოება შეაფასეთ. თუ არაფერი გემუქრებათ, მაშინ უკვე ჩაიწერეთ. აქვე რამდენიმე რჩევა:
  • შეძლებისდაგვარად დაიცავით უსაფრთხო დისტანცია;
  • გადაუღეთ გარემოს (მაგ. საგზაო ნიშნებს);
  • აღნიშნეთ დრო და თარიღი, როდის არის გადაღებული მასალა.
  1. ყოველთვის ჰკითხე პირს, ვისაც ავიწროებენ, სურს თუ არა ჩანაწერის გაკეთება. მასალა არასდროს დაპოსტო ონლაინ ან გამოიყენო სხვა მიზნით მისი თანხმობის გარეშე.

შენიშვნა უსაფრთხოების შესახებ: არავითარ შემთხვევაში არ გვსურს, რომ ვინმეს, ვინც სხვის დახმარებას ცდილობს, თავად მიადგეს ზიანი. ყოველთვის იფიქრეთ უსაფრთხოებაზე და  აწონ-დაწონეთ რისკები, რამდენად შესაძლებელია, ზიანი მიაყენოთ საკუთარ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას.