2023 წლის 9 ნოემბერს, ასტანაში, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, კუანდიკ ბიშიმბაევი, ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. რესტორანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ კუანდიკ ბიშიმბაევის ცოლი, სალტანატ ნუკენოვა მოკლული იპოვა, ბიშიმბაევი კი არაფხიზელ მდგომარეობაში დააკავეს. მეორე დღეს გამოძიებამ მკვლელობის ახალი დეტალები გამოაქვეყნა. ასტანის პოლიციის თქმით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, კუანდიკ ბიშიმბაევმა, ცოლი, სალტანატ ნუკენოვა, ცემით მოკლა. ბრალდებულმა დანაშაულის დამალვა და კვალის არევაც სცადა. გამოძიების ინფორმაციით, სალტანატ ნუკენოვა წარსულშიც არაერთხელ ყოფილა ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.
31 წლის სალტანატ ნუკენოვას სასტიკმა მკვლელობამ ყაზახეთში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია, სპორტსმენები, ხელოვანები, ბიზნესმენები, ბლოგერები და იურისტები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებას და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციას მოითხოვენ. საზოგადოება ასევე შიშობს, რომ ყაზახეთში კორუფციის მაღალი რისკის გამო, სასამართლო სისტემა სათანადოდ არ დასჯის გავლენიან დამნაშავეს, რომელიც ადრე მაღალ თანამდებობას იკავებდა. ბიშიმბაევი წარსულში კორუფციისთვის არის ნასამართლევი, თუმცა 10 წლიანი სასჯელის ნაცვლად, მან პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, საპატიმრო 1 წელიწადში დატოვა.
სალტანატ ნუკენოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია #forSaltanat, სადაც ქალთა მიმართ ძალადობას გააპროტესტებენ, 13 აპრილს მილანში, რომში, ბოლონიაში, ფლორენციაში, ტურინში, მიუნხენში, ლონდონში, ბარსელონაში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში გაიმართება.
14 აპრილს კი იგივე დემონსტრაცია გაიმართება პარიზში, ამსტერდამში, ბუდაპეშტსა და თბილისში. თბილისში აქცია ვაკის პარკში 12:00 საათზე დაიწყება.
დემონსტრაციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ევროპულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ცენტრალური აზიის მთავრობებისთვის მოწოდებას – გაამკაცრონ კანონები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.