გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა წარმოებაში მიიღო საფარის დირექტორის – ბაია პატარაიას, იურისტის – მარი ვარამაშვილის და ბენეფიციარის – გ.გ.-ს განაცხადი, რომლის ფარგლებშიც დროებითი ღონისძიების სახით სახელმწიფოს მოსთხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის #3/4532-25 ბრძანების აღსრულებისას არ დაუშვას “საფარის” ბენეფიციარის, გ.გ-ს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, ან გადაცემა მესამე პირისთვის, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროსთვის. ეს დროებითი ღონისძიება მიმართულია “საფარის” მიმართ დაწყებული რეპრესიული ქმედებების აღსრულების შესაჩერებლად.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ანტიკორუფციულმა ბიურომ, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვა ინფორმაცია, მათ შორის, „საფარის“ ბენეფიციარებზე — ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებზე არსებული პერსონალური მონაცემები: სახელები, გვარები, პირადი ნომრები, ფოტოები, საბანკო და სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა.
შეგახსენებთ, რომ “გაეროს ბავშვთა კომიტეტმა” ივლისში უკვე გამოიყენა დროებითი ღონისძიება, რომელმაც დაიცვა “საფარის” ბენეფიციარი ბავშვების ინტერესები. ხოლო “გაეროს ქალთა კომიტეტის” მიერ მიღებული ანალოგიური შინაარსის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან პერსონალური მონაცემების გამოთხოვნა შეუსაბამოა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან.
აღსანიშნავია, რომ, განსხვავებით გაეროს ბავშთა კომიტეტისგან, ამ შემთხვევაში, წარმოებაში მიღებული საქმის განმცხადებლები ბენეფიციართან ერთად არიან საფარის დირექტორი და იურისტი, რომლებიც პირადად იცავენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას. შესაბამისად, გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილება საფარისთვის უმნიშვნელოვანესია, რათა გააგრძელოს ქალებისა და ბავშვების ძალადობისგან დაცვა და დახმარება.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მივმართავთ ყველა სამართლებრივ გზას ქვეყნის შიგნით და გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს ჩვენი ბენეფიციარი ქალებისა და ბავშვების უფლებების დასაცავად.