ჟურნალი Forbes-ის ბრაზილიურმა ვერსიამ პოსტერების სერია გამოუშვა, სადაც ქალების და კაცების შრომის ანაზღაურებაში არსებულ განსხვავებაზეა აქცენტი გაკეთებული. პოსტერების ავტორების მიზანი იმის ჩვენებაა, თუ როგორ შეიცვლებოდა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონებრივი მდგომარეობა იმ შემთხვევაში, ისინი ქალები რომ ყოფილიყვნენ.
ახალი სოციალური კამპანია სააგენტო Ogilvy Brazil-მა მოამზადა.
მაგალითად, მარკ ცუკერბერგი ქალად რომ დაბადებულიყო, მისი შემოსავალი 21%-ით ნაკლები იქნებოდა (აშშ-ში შრომის ანაზღაურების მხრივ ამგვარი სხვაობაა). ამ მონაცემებით, იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში არა მე-5, არამედ მე-11 ადგილს დაიკავებდა.
თვალსაჩინოებისთვის, პლაკატებზე მილიარდერების „ქალი“ ვერსიები მოხვდნენ, რომლებსაც შესაბამისი სახელები გადაარქვეს: მარკ ცუკერბერგი მარსია ცუკერბერგად იქცა, ბილ გეიტსი – ბილი გეიტსად, რომელიც უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველობიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებდა. მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმი კი, ქალი რომ ყოფილიყო, 17%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდა და მდიდრების რეიტინგშიც შესაბამისად მეექვსეს ნაცვლად მეათე ადგილს დაიკავებდა.