ფოტოგალერეა

1 მაისი თბილისში – აქცია ქალთა შრომითი უფლებების დასაცავად

1 მაისს, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, კანცელარიის წინ, ქალთა მოძრაობამ აქცია გამართა, რომელიც ქალების შრომითი უფლებების დაცვას ეძღვნებოდა.

საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის კუთხით სავალალო სიტუაციაა, და ეს სიტუაცია უფრო მძიმდება მაშინ, როდესაც საქმე ქალის შრომას ეხება.

უახლოეს წარსულშიც და ახლაც, ეკონომიკური კრიზისის დროს, საქართველოში ოჯახების დიდი ნაწილის რჩენის ტვირთი ქალებმა თავიანთ თავზე აიღეს. ქალის შრომა ყველაზე ხშირად არის დაუფასებელი, უხილავი და უმძიმესი. ამიტომ, აუცილებელია, ჩვენს ქვეყანაში ქალის შრომის მიმართ არსებული დამოკიდებულებები შეიცვალოს და კანონმა გაითვალისწინოს ყველა ის სირთულე, რაც მას ახლავს თან.

აქციის მონაწილეებმა: გვანცა ხონელიძემ, ანა კამლაძემ, იდა ბახტურიძემ, ბაია პატარაიამ, ანა-მარია ბრაგვაძემ საქართველოში ქალის შრომასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს. გარდა ამისა, აქციას შეუერთდნენ რამდენიმე თვის წინ, ვაგზლის მოედანზე, „ბავშვთა სამყაროს“ შენობის მოვაჭრე ქალები, რომელთა ქონებაც ცეცხლმა მთლიანად შთანთქა, მთავრობამ კი მათ მხოლოდ 3000 ლარის ოდენობის კომპენსაცია გადასცა.

აქციის მონაწილეების მთავარი მესიჯები ასე ჟღერდა:

– საქართველოს მთავრობას – გამოიჩინეთ პოლიტიკური ნება, და შექმენით სააღმსრულებლო ფუნქციის მქონე შრომის მონიტორინგის მექანიზმი.

– კერძო სექტორს – აიღეთ სოციალური პასუხისმგებლობა და უზრუნველყავით არადისკრიმინაციული და უსაფრთხო შრომითი გარემო.

– მშრომელებს, განსაკუთრებით კი მშრომელ ქალებს – გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ შრომის ღირსეული პირობები.

თბილისის პარალელურად, ქალთა შრომით უფლებებთან დაკავშირებით აქციები გაიმართა ქობულეთში, მარნეულში, გორში, წნორში, ზუგდიდსა და თელავში.

კამპანიის მხარდამჭერი, ტრადიციულად “ქალთა ფონდი საქართველოში” იყო.

ქალთა მოძრაობის აქციის პარალელურად, 1 მაისი აუდიტორია 115-მა, პროფკავშირების ახალგარზრდულმა მოძრაობამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან ვარდების მოედნისკენ, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა-აქციით აღნიშნეს.