"საფარის" აქტივობები

ლგბტ და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების პროტესტი გადაცემა „რეაქციას“

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლგბტ ადამიანების უფლებებთან მიმართებაში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და გაზრდილია მედიის აქტიურობა. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული საკითხების გაშუქების ხარისხი ყოველწლიურად მატულობს, სამწუხაროდ კვლავ პრობლემად რჩება სკანდალზე ორიენტირებული სატელევიზიო გადაცემები და რეპორტაჟები. მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული დისკრიმინაციული გამოხატვებიდან (868) ყველაზე დიდი წილი 52% (454) ჰომოფობიური ხასიათის იყო. მნიშვნელოვანია მედიის მხრიდან იმის გააზრება, რომ შინაარსისგან დაცლილი და ეპატაჟური სატელევიზიო გადაცემები, ზიანის მომტანია ლგბტ ადამიანებისთვის და კიდევ უფრო ამძლავრებს ჰომოფობიურ განწყობებს საზოგადოებაში.

ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა „რეაქცია“, ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში სკანდალზე ახდენს ორიენტირებას. სწორედ მსგავსი ტიპის გადაცემა მომზადდა 3 აპრილს, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს მიეძღვნა. გადაცემის მიმდინარეობისას ჟურნალისტმა არ მართა პროცესები, როდესაც იქ მყოფი სხვა სტუმრები სიტყვიერი შეურაცხყოფით დაესხნენ თავს ლგბტ აქტივისებს და არ მიიღო შესაბამისი ზომები სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს განცხადებით მიმართა. ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.” სამწუხაროდ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება და ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების რეაქცია 3 აპრილს გასულ გადაცემაზე გათვალისწინებულ არ იქნა არც ტელეკომპანია “პირველის” და არც გადაცემის ავტორის მიერ.

19 მაისს ინგა გრიგოლია გადაცემა “რეაქციაში” კიდევ ერთხელ ისაუბრებს ლგბტ ადამიანებზე და დაუთმობს ეთერს მათ, ვინც სიძულვილსა და ძალადობას ქადაგებენ ლგბტ ადამიანების მისამართით. იმის გამო, რომ ლგბტ ადამიანები კვლავ არ გახდნენ საჯარო თავდასხმისა და სიძულვილის ენის მსხვერპლები, ხელმომწერი ორგანიზაციები უარს ვაცხადებთ გადაცემა “რეაქციაში” მონაწილეობაზე. ასევე გვინდა მოვუწოდოთ ყველა დამოუკიდებელ ლგბტ აქტივისტსა თუ მეგობარს, არ გახდეს წინასწარგანსაზღვრული ეპატაჟის უნებლიე მონაწილე.

თანასწორობის მოძრაობა
ასოციაცია – თემიდა
იდენტობა
თანასწორობა 17
ახალგაზრდა მწვანეები
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ქალთა ფონდი საქართველოში
კავშირი “საფარი”