სულ რამდენიმე დღეა, რაც ფეისბუქ სივრცეში გვერდი „ხშირად დასმული კითხვები • FAQs“ ჩაეშვა. გვერდის შექმნის იდეა 25 წლის ბესო გვენეტაძეს ეკუთვნის. ბესო განათლებით საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრია, მაგრამ მისი საქმიანობა ამჟამად მჭიდროდ უკავშირდება სხვადასხვა ტიპის ვიდეომასალებზე მუშაობას. იგი ვიდეოებს საკუთარი ინიციატივით, დამოუკიდებლად ქმნის, – ამ მხრივ თვითნასწავლია. ახალ გვერდზე განთავსებულ, ბესოს ავტორობით გადაღებულ ვიდეოებს უჩვეულო ფორმატი აქვს: კითხვა-პასუხის რეჟიმში, იგი საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებული არასწორი წარმოდგენების და წინასწარგანყობების შესახებ სწორ ინფორმაციას გვაწვდის.
საიდან გაჩნდა ამ ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ვიდეოს შექმნის იდეა?
მეც, ისევე როგორც ბევრი სხვა, ონლაინ სივრცეში ხშირად ვაწყდები კომენტარებსა თუ კითხვებს, რომლებიც, სავარაუდოდ, დეზინფორმაციასა თუ სტერეოტიპებს ეფუძნება. ზოგჯერ, ასეთი კომენტარების ჩემთვის უცნობი ავტორებისთვის პირადი შეტყობინებებიც გამიგზავნია, სადაც ვცდილობდი, მათთვის შეძლებისდაგვარად რაციონალურად გამეცა პასუხი. ეს ვიდეოც, რომელიც ონლაინ გადაცემის პირველი ეპიზოდია, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა.
რამდენად მნიშვნელოვანია „ხშირად დასმულ შეკითხვებზე“ პასუხის გაცემა?
არსებითია, რომ „ხშირად დასმულ კითხვებს“ პასუხი გაეცეს, რადგან დემოკრატიაში გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით ვიღებთ. შესაბამისად, ნებისმიერი იდეისათვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად აუცილებელია, ადამიანები მის მიზანშეწონილობაში დავარწმუნოთ, თუნდაც ის ჩვენთვის აშკარა, თავისთავადი ჭეშმარიტება იყოს. ადამიანთა გარკვეული ჯგუფების უგულებელყოფით, ეს მიზანი ვერ მიიღწევა.
თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა აქტივიზმის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ძალდაუტანებელი, არააგრესიული მეთოდებით მოხდეს?
ერთი ჩილეური ფილმია, „არა“ („No“, 2012 წ., რეჟ. პაბლო ლარაინი), რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და 1988 წლის პლებისციტის წინასაარჩევნო პერიოდს ეხება, რა დროსაც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, გაუხანგრძლივებდა თუ არა მანდატს დიქტატორ ავგუსტო პინოჩეტს. მიუხედავად იმისა, რომ პინოჩეტის რეჟიმს ათასობით ადამიანი ჰყავდა მოკლული თუ ნაწამები, მოწინააღმდეგეთა ბანაკის კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილს მაინც პოზიტიური, ბედნიერების კონცეფციაზე დაფუძნებული კლიპები შეადგენდა. პლებისციტიც მათი გამარჯვებით დასრულდა. რასაკვირველია, აქ პირდაპირი კაუზალობის დადგენა რთულია, მაგრამ მგონია, რომ ნებისმიერ აქტივიზმში, ტრადიციული მეთოდების გვერდით, პოზიტიური, „მსუბუქი“ ენის გამოყენებაც სასურველია.
ისეთ სამუშაოს თუ დათანხმებულხართ, რომელიც თქვენს ღირებულებათა სისტემას არ ემთხვევა?
ძალიან იშვიათად. სამაგიეროდ, ხშირად მითქვამს უარი ისეთი შემოთავაზებებისთვის, რომლებიც ჩემს ღირებულებათა სისტემასთან კონფლიქტში იყო. მაგრამ ისიც მესმის, რომ მომავალში ეს უფრო და უფრო რთული იქნება.
მომავლის გეგმებზე რას გვეტყვით?
ერთი მხრივ, კინო/ვიდეო სამყარო ძალიან მიყვარს, თუმცა, იურისპრუდენციაშიც არის სფეროები, რომლებიც მაინტერესებს. ამიტომ, გრძელვადიანი გეგმები არ მაქვს.