დღეს, სასტუმროში „რუმს თბილისი“, კვლევის „ქალები პოლიტიკურ პარტიებში: მითების დეკონსტრუქცია“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა ჩაატარა კავშირმა „საფარმა“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში.
გახსნა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში. მან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ქალების ჩართულობის პრობლემას უკავშირდება. ასევე, პრეზენტაციაზე დასახელებული საკითხის ირგვლივ იმსჯელეს დიმიტრი ცქიტიშვილმა („ქართული ოცნება“), ელენე ხოშტარიამ („ევროპული საქართველო“), ნიკა მელიამ („ნაციონალური მოძრაობა“) და ადა მარშანიამ („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“).
კვლევა ავტორმა, გენდერის მკვლევარმა გიორგი ურჩუხიშვილმა წარადგინა. კვლევის თანახმად, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებში კაცების პრივილეგირებული მდგომარეობა ქალთა შედარებით დაბალი მონაწილეობის მთავარი მიზეზია. სოციალური მითები ქალების არასაკმარისი განათლების, კონფლიქტების შიშისა და დაბალი კომპეტენციის შესახებ ზღუდავს მათი დაწინაურების შესაძლებლობას შიდაპარტიულ იერარქიაში. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გზაზე შექმნილი ბარიერების მოშლის წინაპირობა სწორედ ასეთი მითების მსხვრევაა. კვლევის მსვლელობისას ჩატარებული ინტერვიუების შედეგად ირკვევა, რომ ქალების მონაწილეობა პარტიულ ცხოვრებაში მეტწილად აგიტაციითა და პარტიული აქტივიზმით შემოიფარგლება. როგორც კვლევაშია ნათქვამი, მოტივირებული, განათლებული და კრიტიკულად მოაზროვნე ქალები მიიჩნევენ, რომ მათი წვლილი პოლიტიკაში არასათანადოდაა დაფასებული.