თანასწორობის პოლიტიკა

თუ კაცს სამსახურში შორტების ჩაცმას უკრძალავენ, მას ისღა დარჩენია, კაბა ჩაიცვას

ბრიტანეთში, ბუკინგემშირის საგრაფოში, ბოლო კვირის მანძილზე ძალზე ცხელი ამინდებია. ამის გამო, ადგილობრივმა მცხოვრებმა, ქოლ ცენტრის თანამშრომელმა, 20 წლის ჯოი ბერჯმა (Joey Barge), სამსახურში შორტებით წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, მისი ეს მცდელობა კრახით დასრულდა: ჯოი უფროსობამ შინ გააბრუნა, რადგან სამსახურში შორტებით სიარული მას დრეს-კოდით ეკრძალებოდა. მას მიუთითეს, შარვალი ჩაეცვა და ისე დაბრუნებულიყო სამსახურში.

თუმცა, ჯოი სიცხესთან და ბედთან შეგუებას არ აპირებდა. მან გადაწყვიტა, სამსახურში ნაირფერად აჭრელებული კაბით დაბრუნებულიყო, რის ტარებასაც დრეს-კოდი არ კრძალავს. „თუ ქალებს სამსახურში კაბით სიარული შეუძლიათ, მე რატომ მაქვს აკრძალული შორტებით მუშაობა?“, – წერდა აღშფოთებული ჯოი ტვიტერზე.

რამდენიმე საათში, ოფისის ყველა თანამშრომელმა წერილი მიიღო, სადაც უფროსობისგან ახალი დრეს-კოდი იყო გაწერილი: კაცებს შორტის ჩაცმის უფლება მიეცათ, თუმცა არა ძალზე მოკლესი და მხოლოდ შავი, მუქი ლურჯი ან ჩალისფერი შეფერილობის.

ჯოის კვლავ შესთავაზეს შინ წასვლა და იმ შორტების ჩაცმა, რომლითაც დილით სამსახურში გამოცხადდა, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა და მთელი დღე კაბაში იმუშავა.

წყარო: dailymail.co.uk