თანასწორობის პოლიტიკა

კომპანია Google-ს შრომით ანაზღაურებაში გენდერული დისკრიმინაციის გამო უჩივიან

კომპანია Google-ის 60-ზე მეტი ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომელი ჯგუფური სარჩელის შეტანას გეგმავს, სექსიზმისა და გენდერული ნიშნით შრომის არათანაბარი ანაზღაურების გამო. სარჩელს იურისტი ჯეიმს ფინბერგი (James Finberg) ამზადებს.

„მოსარჩელეები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ კომპანიაში ქალებს შრომის ანაზღაურება გაცილებით ნაკლები აქვთ, ვიდრე იდენტური გამოცდილებისა და განათლების მქონე კაცებს“, – ამბობს ფინბერგი.

ადვოკატის თქმით, Google-ის თანამშრომელმა ქალებმა მას უთხრეს, რომ არის შემთხვევები, როდესაც გაცილებით დაბალ თანამდებობაზე მომუშავე კაცს მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე მის ხელმძღვანელ ქალს. ერთმა ქალმა ისიც განაცხადა, რომ მისი წლიური სახელფასო შემოსავალი, იგივე თანამდებობაზე მომუშავე მის კაც კოლეგასთან შედარებით, 40 000 დოლარით ნაკლები აღმოჩნდა. კიდევ ერთი ამჟამინდელი თანამშრომელი ქალი ამბობს, რომ კომპანიაში გენდერული დისკრიმინაციის საფუძველზე ქალის გათავისუფლების 12 შემთხვევის შესახებაა ინფორმირებული.

Google-ში, ამის საპასუხოდ, აცხადებენ, რომ ხელფასის ამგვარი ასიმეტრიულობის შესახებ გადაწყვეტილება ბევრი კრიტერიუმის საფუძველზე მიიღება, მაგრამ აქ არაფერ შუაშია გენდერული განსხვავება. კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ შრომით ანაზღაურებაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას. „სახელფასო ანაზღაურებაში განსხვავებები მუდამ იქნება დამოკიდებული ოფისის განლაგებაზე, თანამშრომლის როლსა და მიღწევებზე, მაგრამ არანაირად – გენდერულ სხვაობაზე“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.