2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა კლუბ „Sector 26–ის“ მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა.
სახალხო დამცველს მომართა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“, რომლის განცხადებით ბათუმში კლუბ „Sector 26–ის“ დაცვის თანამშრომლებმა მოახდინეს განმცხადებელთა, როგორც ლგბტ თემის წარმომადგენელთა იდენტიფიცირება და ისინი კლუბიდან გააგდეს.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლებს არ მიეცათ საშუალება თავიანთი შეხედულებისამებრ მოეხდინათ თვითრეალიზება და მათი სექსუალური ორიენტაციის შესაბამისად, საზოგადოების სრულწლოვანი წევრებისათვის ხელმისაწვდომი სერვისით ესარგებლათ. სახალხო დამცველმა კლუბის ხელმძღვანელს რეკომენდაციით მიმართა, რომ მის მიერ საჯაროდ შეთავაზებული სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, რაც ასევე გულისხმობს კლუბის მომსახურე პერსონალისა და დაცვის თანამშრომლების მიერ კლუბის სტუმრების პატივისცემას, მათი სექსუალური ორიენტაციის ანდა სხვა მახასიათებლის მიუხედავად.
წყარო: ombudsman.ge