პროექტები

„საფარი“ დისკრიმინაციის წინააღმდეგ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს

„საფარი“ ეხმიანება საქართველოში ამჟამად ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ შექმნილ მძიმე მდგომარეობას და პროექტით “დისკრიმინაციასთან ბრძოლა: ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება”, იმ სიღრმისეულ პრობლემებზე მუშაობას იწყებს, რომელიც დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან.

პროექტი ხორციელდება „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. მისი მიზანია ქვეყანაში თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა, სადაც მაღალია ცნობიერების დონე დისკრიმინაციის არსთან დაკავშირებით.  მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები ინფორმირებულები არიან დარღვეული უფლებების სამართლებრივი გზით დაცვის მექანიზმების შესახებ, მათ აქვთ ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე.

მიზნის მისაღწევად, პროექტი ისახავს შემდეგ ამოცანებს:

  1. დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, ქვეყნის შიგნით არსებული მექანიზმებისა და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების გზით.
  2. ცნობიერების ამაღლება: პრევენციისა და საზოგადოების მობილიზაციაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება;
  3. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი და შემდგომი ცვლილებების ადვოკატირება.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, განხორციელდება მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ქალების, ბავშვების, ეთნიკური უმცირესობების და ლგბტ პირების, უფლებების ადვოკატირება და დაცვა.

უფასო იურიდიული დამხმარება მოიცავს:

  • უფასო იურიდიულ კონსულტაციებს, როგორც პირადი ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.
  • საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმისწარმოება.
  • საქართველოს სახალხო დამცველთანს აქმის წარმოება.
  • ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებში საქმისწარმოება. საერთაშორისო საქმისწარმოებას “საფარი” განახორციელებს საერთაშორისო პარტნიორთან EHRAC ერთად.

პროექტი მოიცავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს: პრევენციისა და საზოგადოების მობილიზაციაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელებას.პრევენციისა და საზოგადოების მობილიზაციაზე მიმართული ღონისძიებების ფარგლებში, საფარი მოამზადებს სატრენინგო მოდულს და ჩაუტარებს/განახორციელებს ტრენინგს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებს.  (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ტრენინგი მიზნად ისახავს ტრენერების ინფორმირებულობისა და მგრძნობელობის გაზრდას დისკრიმინაციასთან და გენდერულ საკითხებთან მიმართებით, რათა მათ შემდგომში მასწავლებლებისათვის ჩასატარებელ ტრენინგის ფარგლებში გაითვალისწინონ შემუშავებული მოდული და მოახდინონ მიღებული ცოდნის გაზიარება. მოდულში ყურადღება დაეთმობა დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას, განსაკუთრებული აქცენტით სექსიზმსა და გენდერულ სტერეოტიპებზე, ოჯახში ძალადობის გენდერულ ასპექტებს, ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, ადრეულ ქორწინებას. ცნობიერების ამაღლების კუთხით, ორგანიზაცია იმუშავებს სტუდენტებთან და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი და შემდგომი ცვლილებების ადვოკატირების კუთხით:

  • საფარი განახორციელებს კვლევას სხვადასხვა ქვეყანაში ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს საკანონმდებლო რეგულირების შესახებ.
  • “საფარი” პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს “თანასწორობის კოალიციის” ხილვადობის გაზრდას.

პროექტის ხანგრძლივობაა 2015 წლის 1 ნოემბერი – 2016 წლის 30 ოქტომბერი.

პროექტის აქტივობების ამსახველი ინფორგაფიკა იხილეთ აქ.