ბიორკი მავანი დანიელი რეჟისორის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს. თავის ფეისბუქ პოსტში იგი აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი მთელი მსოფლიოს ქალების მაგალითმა გადააწყვეტინა.
მართალია, ბიორკი რეჟისორის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას ერთადერთ სრულმეტრაჟიან ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული („წყვდიადში მოცეკვავე“ Dancer in the Dark, 2000), რომლის რეჟისორიც სახელგანთქმული დანიელი ლარს ფონ ტრიერია (Lars von Trier), – სრულიად ნათელია, ვისზეცაა საუბარი.
„როდესაც მსახიობის პროფესიაში ვცადე ბედი, გავაცნობიერე, რომ დამცირება და სექსუალური შევიწროება აქ ნორმაა, რომ რეჟისორს მსახიობი ქალების შეხება და შევიწროება საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია, და კინოინდუსტრია მას ამის უფლებას ანიჭებს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემგან არაერთგზისი უარი მიიღო, რეჟისორი განაწყენდა და დამსაჯა, ხმა გამივრცელა, თითქოს ჩემთან მუშაობა რთული იყო. მე მას გამოვერიდე და ამ ამბავს წლების მანძილზე ვიშუშებდი. ვღელავ, რომ ამ კაცთან მომუშავე სხვა მსახიობი ქალებიც იგივენაირად არ მოიქცნენ. მე პირველი ვიყავი, ვისთანაც ეს საქციელი არ გაუვიდა. ჩემთან კონფლიქტის შემდეგ, მას თავის მსახიობ ქალებთან გაცილებით სამართლიანი და დაფასებული ურთიერთობები ჰქონდა. ვიმედოვნებ, ჩემი ეს განცხადება მთელი მსოფლიოს მსახიობებს სტიმულს მისცემს, შეაჩერონ ეს ტენდენცია. მოდით, გავერთიანდეთ და შევცვალოთ მსოფლიო!“, – განაცხადა მუსიკოსმა.
„წყვდიადში მოცეკვავის“ გადაღებების პერიოდში, ბიორკისა და ლარს ფონ ტრიერის კონფლიქტებზე ადრეც იყო ცნობილი. თუმცა, მაშინდელი ინფორმაციით, ეს კონფლიქტები ეხებოდა მუსიკოსის ჩაცმულობას: ბიორკი კინოში მისთვის განკუთვნილ სამოსს ნაკუწებად ხევდა. მიუხედავად გადაღებებზე დაძაბულობისა, კანის კინოფესტივალზე ფილმმა ოქროს პალმის რტო აიღო, ბიორკი კი საუკეთესო ქალ მსახიობად დაასახელეს.
GQ 2011-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ტრიერი ამბობდა, რომ ბიორკმა ნიკოლ კიდმანს მისწერა, რეჟისორის მომდევნო ფილმში, „დოგვილში“, არ ითამაშოო.
წყარო: rollingstone.com