სექსუალური შევიწროება

ანონსი: ხვალ ქალთა მოძრაობა პარლამენტში სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით, ხელმოწერებს შეიტანს

ხვალ, 24 ოქტომბერს, 11:30-ზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტში ქალთა მოძრაობა სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით იმ 1000 ხელმოწერას შეიტანს, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეგროვდა ფეისბუქის საშუალებით.

სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონპროექტები რამდენიმე არასამთარობო ორგანიზაციამ უკვე მოამზადა და გადაუგზავნა პარლამენტს, თუმცა ისინი პარლამენტს არ განუხილავს.

დღეს საქართველოში  სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად. პეტიციის ხელმომწერნი მოითხოვენ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი, სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება.

აღნიშნული პეტიცია კიდევ ერთი შეხსენებაა საქართველოს პარლამენტისთვის, რომ საჭიროა სექსუალური შევიწროების რეგულირება. გაზაფხულზე აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია “რა მხოდა ქუჩაში”, რომელიც ამავე თემას ეხებოდა, ხოლო ამჟამად მიმდიანრეობს კამპანია #მეც, რომელიც ეხმიანება მსოფლიო კამპანიას #metoo.