სექსუალური ძალადობა

ფეისბუქი თავის მომხმარებლებს “პორნოშურისძიებისგან” დაიცავს

დღესდღეობით, მთელს მსოფლიოშია გავრცელებული ინტერნეტით შანტაჟი. ძირითადად, ამგვარი შემთხვევები მსოფლიო აბლაბუდით ადამიანების ინტიმური ფოტო/ვიდეომასალის გავრცელებას უკავშირდება.

სექსუალური ხასიათის მასალების ღიად გამოქვეყნების ფაქტებს, მათზე აღბეჭდილი პირების თანხმობის გარეშე, „პორნოშურისძიებასაც“(ინგლ. Revenge porn) უწოდებენ. ყველაზე ხშირად, ამ ხერხს განშორების შედეგად განაწყენებული პარტნიორები მიმართავენ. ასევე, “პორნოშურისძიება” გავრცელებულია სექსტინგის – ინტერნეტით ინტიმური ფოტოების დაგზავნის – შემთხვევებშიც.

ახლახან, ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელი ფეისბუქი თავის მომხმარებლებს პონოგრაფიულ მასალასთან დაკავშირებული შურისძიებისგან დაიცავს. ამისათვის, იგი მომხმარებელს პირადი ფოტოების წინასწარ, უსაფრთხოებისა და დაზღვევის მიზნით, მესენჯერის მეშვეობით საკუთარ თავთან გადაგზავნას სთავაზობს, რის შემდეგადაც, სერვერზე ფოტოს ციფრული ანაბეჭდი შეიქმნება. ამ ბაზაში მოხვედრის შემდეგ, ფეისბუქზე, ფეისბუქ მესენჯერსა და ინსტარგამზე, მსგავსი ან იდენტური ფოტოს ატვირთვა შეუძლებელი გახდება: ადრე დამუშავებული ფოტოების ამოცნობისას, სისტემა გამოსახულების ტირაჟირებას შეზღუდავს.

თუმცა, აქ არის ერთი „თუმცა“: თავდაპირველად, ფოტოები ფეისბუქის მოდერატორების ხელში გაივლის, რათა ზუსტად დადგინდეს, მართლა არის თუ არა მასზე გამოსახული შიშველი სხეული. ეს კი უკვე არღვევს ქსელის კონფიდენციალობის პირობებს.

„უპირველესად, ფოტოები უნდა ნახოს ადამიანმა, რათა დასახელებული ინსტრუმენტი ცენზურის მიზნით ბოროტად არ იქნას გამოყენებული“, – აცხადებს კალიფორნიის ბერკლის კომპიუტერულ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (International Computer Science Institute in Berkeley, California) უფროსი პროგრამისტი ნიკოლას ვივერი (Nicholas Weaver). ჯერჯერობით, პროექტი მხოლოდ ავსტრალიაშია გაშვებული, ისიც საპილოტე რეჟიმში.

წყარო: abc.net.au