ეკონომიკური ძალადობა / ოჯახში ძალადობა / სექსუალური ძალადობა

დღეს 25 ნოემბერია

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და კატასტროფული შედეგების მქონე დარღვევაა თანამედროვე მსოფლიოში.

„მსოფლიოში კვლავინდებურად ნარჩუნდება გენდერული უთანასწორობა, რაც ქალებსა და გოგონებს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს ართმევს. გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ქალთა და გოგონათა უფლებებისა და შესაძლებლობების გასაფართოებლად, საჭიროა ძალისხმევის გამოჩენა, მათ შორის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის გამყარების სფეროში, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ღრმად ფესვგადგმული პრაქტიკის ამოსაძირკვად, რომელიც ნაწილობრივ პატრიარქალური შეხედულებებისა და მათთან დაკავშირებული სოციალური ნორმების შედეგია“, – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ბოლო მოხსენებაში, მდგრადი განვითარების სფეროში მიღწევების შესახებ.

ფაქტები, რომელთან შეგუებაც შეუძლებელია

ქალთა მიმართ ძალადობა დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმაა. როგორც ზემოთხსენებულ მოხსენებაშია ნათქვამი, 2005-2016 წლების მონაცემების თანახმად, 87 ქვეყნიდან წარმოდგენილ მასალებში, 15-დან 49 წლამდე ქალთა 19% აცხადებს, რომ კვლევის ჩატარების 12-თვიან პერიოდში, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა. უკიდურეს შემთხვევებში, ეს ძალადობა ქალის სიკვდილითაც სრულდება. 2012 წელს, მსოფლიოში მოკლულ ქალთა თითქმის ნახევარი წინასწარგანზრახულ მკვლელობას შეეწირა, და ინტიმური პარტნიორის ან ოჯახის წევრის მსხვერპლი შეიქნა, ეს მაშინ, როდესაც კაცების წილმა შესაბამის შემთხვევებში მხოლოდ 6% შეადგინა.

ქალთა მიმართ ძალადობის კიდევ ერთი უკიდურესი გამოვლინება ქალის სასქესო ორგანოებზე დამასახიჩრებელი ოპერაციების ჩატარებაა. დაახლ. 2000 წლიდან, ეს პრაქტიკა მსოფლიოში 24%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, 30 ქვეყნიდან ზოგიერთი ადასტურებს, რომ მათთან ამგვარი ოპერაციები კვლავ ხშირია. 2015 წლის ან მახლობელი პერიოდის კვლევების თანახმად, ამ ქვეყნებში 3-დან 1 გოგონა 15-დან 19 წლამდე, ამ ოპერაციების მსხვერპლია, 2000 წელს კი ოპერაციებს თითქმის ყოველ მეორე გოგონას უკეთებდნენ.

უფრო მეტიც: 15-დან 49 წლამდე ასაკის მხოლოდ ნახევარზე ცოტა მეტი (52%) დაქორწინებული ან პარტნიორობაში მყოფი ქალი, სექსუალურ ურთიერთობაში ორმხრივი თანხმობით შედის, იყენებს კონტრაცეპტივებს და იღებს სამედიცინო მომსახურებას. ეს მაჩვენებელი ეყრდნობა 2012 წლის მონაცემებს 45 ქვეყნიდან, რომელთა შორის 43 – განვითარებადია.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევების თანახმად, გენდერული თანასწორობის მიღწევა კონფლიქტების აცილებას უწყობს ხელს. შესაბამისად, არსებობს დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის მაღალ მაჩვენებელსა და შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღებებს შორის. მიუხედავად ამ მონაცემებისა, ქალთა ინკლუზიურობისა და ლიდერობის უზრუნველყოფა კვლავ პრობლემად რჩება. ზოგიერთ რეგიონში, ამ სფეროში რეგრესიც შეიმჩნევა.

დაფინანსების უკმარისობა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ერთ-ერთი პრობლემა დაფინანსების ნაკლებობაა. ამის შედეგად, მოცემულ სფეროში შესაბამისი კამპანიები არ ტარდება. აუცილებელია, ძალისხმევა მიმართულ იქნას მდგრადი განვითარების სფეროში მეხუთე მიზნის მიღწევისაკენ, რაც ქალებისა და გოგონების ცხოვრებას გააუმჯობესებს.

წელს გარკვეული დადებითი ძვრები მოხდა, მაგალითად, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, ჩაეშვა ინიციატივა Spotlight Initiative to eliminate violence against women and girls, რომელიც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრისკენაა მიმართული.

2017 წლის თემა: უკან არავინ მოვიტოვოთ!

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის (ადამიანის უფლებათა დღე) ჩათვლით, კამპანია UNiTE ატარებს ყოველწლიურ აქციას „16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“. წლევანდელი კამპანიის თემაა „უკან არავინ მოვიტოვოთ! ამოვძირკვოთ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა!“ (Leave no one behind: end violence against women and girls). ეს თემა კარგად პასუხობს თავად კამპანიის არსს, რომელიც, უპირველესად, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ და მარგინალიზებულ ქალებზე აკეთებს აქცენტს. წელს კამპანიის აქციას „გაანარინჯისფერე სამყარო!“ ჰქვია. აქციის ორგანიზატორთა კონცეფციის თანახმად, ძალადობის გარეშე სამყარო ნარინჯისფერია, და ეს სამყარო ჩვენი ხელებით უნდა შევქმნათ.

www.un.org