სტატიები / ქალზე ძალადობა

როგორ აქცია „პრაიმშოუმ“ ცირკად დიდუბის მეტროსთან მომხდარი ინციდენტი

გასულ თვეში, ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა ვიდეომ, რომელიც მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გადაღებული. ვიდეოში აღწერილი ინციდენტი თავს მის ავტორს, სოფი ბასილაძეს, გადახდა, რომელიც იმ მომენტისთვის დედას აცილებდა ქუთაისში. მოულოდნელად, გამვლელმა მანქანამ სვლა შეანელა, საიდანაც ორმა მამაკაცმა სოფის და დედამისს შეურაცხმყოფელი, სექსუალური შინაარსის სიტყვებით მიმართა. სოფიმ მანქანას გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა და მაშინვე 112-ში დარეკა. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ორი ახალგაზრდა კაცი პოლიციამ ჯერ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, მეორე დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო სხდომა ისე ჩატარდა, რომ სოფისთვის არაფერი უცნობებიათ. წუხელ, ტ/კ იმედის ეთერში გადაცემა „პრაიმშოუ“ გავიდა, რომლის მონაწილეებმაც სოფის მიმართ დაუფარავად აგრესიული და შემარცხვენელი დამოკიდებულებები გამოამჟღავნეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რა ღრმა პრობლემები აქვს ჩვენს მედიას, რომელიც სკანდალზე ორიენტირების ფასად, მზადაა, საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანები დემონებად შერაცხოს. ინციდენტისა და საზოგადოების რეზონანსის შესახებ თავად სოფი ბასილაძე გვესაუბრება.  

სოფი ბასილაძე: ინციდენტმა სოციალურ ქსელებში ნამდვილად დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ძირითადად ყველა გმობს ძალადობას, თუმცა უმრავლესობას ამ ბრუტალური კადრების ნახვა აღაშფოთებს და არა -პატრიარქალური წესრიგი, რომელიც თავისთავად დომინაციასა და უთანაწორობის პრინციპებზეა აგებული. ბევრი “კაცობადაკარგულ” თაობაზე წუხს; ზოგი “ცუდი” ქალის კატეგორიაში მათავსებს, რომელსაც უარესადაც უნდა გაუსწორდე; ბევრი გულწრფელად ინტერესდება, რა მიზეზით დაიწყო კონფლიქტი, თითქოს რაიმე ობიექტური ფაქტორებით აიხსნებოდეს ის უხამსობა და სისასტიკე, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეს; ზოგიერთი, ჩემს ”დისკრედიტაციას” ფემინისტური და ლგბტ აქტივიზმით ცდილობს და ა. შ. თუმცა, აქვე მადლობას გადავუხდი უამრავ ქალს გამხნევების, მხარდაჭერისა და საკუთარი ისტორიების გაზიარებისთვის. მჯერა, რომ მხოლოდ თანადგომითა და სოლიდარობით შეგვიძლია ამ მანკიერ კულტურულ პრაქტიკებთან ბრძოლა.

ასევე, მინდა აღვნიშნო ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა „პრაიმშოუ“, რომელშიც სტუმრობაზე გაუაზრებლად დავთანხმდი და შემდეგ ძალიან ვინანე. პროდიუსერი დამიკავშირდა და “პრაიმშოუ” არხის ერთადერთ სოციალურ გადაცემად წარმომიდგინა. დაჟინებული თხოვნის შედეგად, დავთანხმდი და თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ვთხოვე, მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ამ საკითხს. ჩაწერის დღეს მივედი და სულ სხვა სურათი დამხვდა: წამყვანების აბსოლუტურად გულგრილი, უვიცი და არაკომპეტენტური მსჯელობა  ძალადობის თემასთან დაკავშირებით და ჩემთან შეუთანხმებელი სტუმრები, რომლებმაც მნიშვნელოვნად განაპირობეს დადგმული ”შოუს” წარმატება. სამწუხაროდ, ტელე-იმედი კვლავ ვერ იაზრებს მედიის როლს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში და როგორც სენსაციასა და სკანდალზე მონადირე ტელევიზია, მხოლოდ საკუთარ რეიტინგზეა ორიენტირებული. იმის ნაცვლად, რომ მედია გრძნობდეს მორალურ და სოციალურ პასუხისმგებლობას კონკრეტულ თემებზე მუშაობისას, იგი მუდმივად მანიპულირებს საზოგადოების განწყობებით, ადამიანების ბედით თამაშის და ღირსების შელახვის ხარჯზე. გადაცემაში ჩემი მისამართით გაისმა სიძულვილის ენის შემცველი ძალადობრივი რეპლიკები: “კომპლიმენტი თუ არ გინდა კაცისგან, ჩასაქოლი ყოფილხარ შენ!” და ა. შ. საბოლოოდ, საერთოდ დაიკარგა გადაცემის ფოკუსი და პრობლემის განხილვის ნაცვლად, ჩემი ინდივიდუალური მიდგომები გახდა მსჯელობის საგანი. როდესაც გადაცემა დავტოვე, აგრესიის ტალღა წამოვიდა თავად გადაცემაზე მომუშავე გუნდის მხრიდანაც, რადგან ხმამაღლა გავაკრიტიკე გადაცემის ფორმატი. მართალია, პროფესიული ეთიკის პრინციპებს იურიდიული ძალა არ გააჩნია, მაგრამ მისი დაცვა ყველა ჟურნალისტისთვის სავალდებულოა. ამიტომ, აუცილებლად ვაპირებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში განცხადების დაწერას და ვიმედოვნებ, რომ პროფესიულ წრეებში მაინც არ დარჩება ეს შემთხვევა რეაგირების გარეშე.

ისევ ინციდენტს დავუბრუნდეთ. მოცემულ მომენტში თქვენი სრულიად ადეკვატური ქცევა მაფიქრებინებს, რომ მსგავსი ისტორია პირველად არ გადაგხდენიათ…  

დიახ, პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის. ქალები ყოველდღიურად  განვიცდით მსგავსი ტიპის ძალადობას, რომელზეც არავინ საუბრობს. შარშან, თბილისის მიმართულებით ვმგზავრობდი და სამარშრუტო ტაქსიში მსგავსი ინციდენტი გადამხდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი კაცი 3 საათის განმავლობაში იგინებოდა, ხან ერთმანეთის, ხან კიდევ სრულიად უცნობი ადამიანების მისამართით. მე მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდე და ვთხოვე, პატივი ეცათ სხვა მგზავრებისთვის. ჩემი შენიშვნით გაღიზიანებულებმა, მთელი აგრესია ჩემკენ მომართეს და გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ფიზიკური საფრთხის წინაშეც აღმოვჩნდი. ამ შემთხვევაშიც გამოვიძახე საპატრულო ეკიპაჟი და ერთ-ერთი მამაკაცი, რომელმაც გაქცევა ვერ მოახერხა, თბილისში ჩასვლისთანავე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. ეს პიროვნებაც, როგორც ზემოთხსენებული პირები, გაასამართლეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. ვფიქრობ, რომ მსგავსი პრეცედენტები მნიშვნელოვანია ამ მანკიერ კულტურულ პრაქტიკებთან ბრძოლაში.

ვიდეოდან ჩანს, რომ მიუხედავად ძალზე მწვავე სიტუაციისა, არც ერთი გამვლელი ან იქ მყოფი არ გამოგსარჩლებიათ. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, რომელიც არაერთხელ აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში, ძალიან დასაფასებელია თქვენი პრინციპულობა. ძნელი იყო ამ ძალადობრივ ფონთან გამკლავება?

მადლობა. ნამდვილად ძალიან რთული ასატანია კაცების გარემოცვაში აღმოჩენა, რომელთაგან ორი აშკარა აღვირახსნილი მოძალადეა, დანარჩენები – პოტენციური მოძალადეები. სეირის მაყურებელთა უმეტესობა დუმდა, ხოლო დანარჩენები იერიშზე გადმოდიოდნენ და დედაჩემს ”არცხვენდნენ” ჩემნაირი შვილის გამო. საზოგადოებაში, სქესთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული მოლოდინები, რაც გამორიცხავს ქალის მიერ საკუთარი ღირსების დაცვას და მოძალადის პასუხისგებას კანონიერი გზებით. ჩვენთან, ქალის შეურაცხყოფაც მამაკაცური ღირსების საკითხია და მისი მოგვარებაც მათ პრეროგატივად მიიჩნევა. სწორედ ჩემმა პრინციპულმა პოზიციამ, სათანადოდ დასჯილიყვნენ მოძალადეები, გამოიწვია ათობით სეირის მაყურებლის გაღიზიანება. ერთ-ერთმა ისიც კი მითხრა, ერთხელ თუ მოგაყენა შეურაცხყოფა, გაგეგრძელებინა გზა და არ მიგექცია ყურადღება, გიხარია, რომ გაგინებსო? სამწუხაროდ, ამ დამოკიდებულებების წყალობით ძლიერდება დაუსჯელობის სინდრომი, ხოლო ჩვენი დუმილი მწვანე შუქის ანთებაა შემდგომი ძალადობისთვის.

რასაკვირველია, ინციდენტის სრულად გადაღება ვერ მოახერხეთ. მოძალადეები თავდაპირველადაც ასეთი აგრესიულები იყვნენ, თუ ამ აგრესიამ კულმინაციას ვიდეოს გადაღების შემდეგ მიაღწია?

პოლიციის ხსენებაზე მამაკაცების აგრესია გამძაფრდა. მათ მაშინვე დაიწყეს ჩემი მისამართით ზღვარგადასული ბილწსიტყვაობა და გინება, მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედე და შევაყოვნე, უფრო მეტიც, პოლიცია გამოვიძახე. როგორც წესი, კაცებს მსგავსი რეზისტენტული რეაქციის მოლოდინი არ აქვთ და სასაცილოდაც კი ეჩვენებათ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონის წინაშე პასუხისგება. სამწუხაროდ, ვიდეოს სრულად გადაღება ვერ მოვახერხე, რადგან ერთხელ ლამის წამართვეს ტელეფონი, ხოლო მეორედ – ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდი.

როგორ ფიქრობთ, სამართალდამცავთა მხრიდან ყველაფერი გაკეთდა ინციდენტის აღსაკვეთად?

სამართალდამცავები მოვიდნენ ოცი წუთის დაგვიანებით, როცა დამნაშავეები ადგილზე აღარ იმყოფებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში, გამუდმებით ვრეკავდი 112-ში, მაგრამ, ზუსტად ვერავინ მეუბნებოდა ეკიპაჟის მოსვლის დროს. პოლიციის განყოფილებაში გადასვლისთანავე, შევავსეთ ოქმი, თუმცა, გამომძიებლის გულგრილი და ირონიული დამოკიდებულება საკმაოდ ნათელი იყო, რაც უადგილო ხუმრობებშიც გამოიხატა.

მოძალადეების სასამართლო რატომ გაიმართა თქვენგან მალულად?                          

ნამდვილად არ ვიცი. გამომძიებელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ირიბად უარი ეთქვა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე. ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ თავადაც არ ჰქონდა ინფორმაცია საქმის განხილვის დაწყების ზუსტ დროზე.

რამდენად თანაბარზომიერი იყო მოძალადეების 100-100 ლარით დაჯარიმება მაშინ, როდესაც მათი ქცევა მუქარის და ძალადობის ჭარბ ელემენტებს შეიცავდა?

რა თქმა უნდა, სასჯელი არაადეკვატური იყო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს სქესის და გენდერის ნიშნით ძალადობაზე სახელმწიფოს გულგრილობას. გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა მიზანმიმართულად აიგნორებს პრობლემის რეალურ არსს. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და მოქალაქეთა შეურაცხმყოფელ გადაკიდებაზე მეტი იყო ის, რის გადატანაც მომიხდა ამ პირებისგან. ღია, საჯარო, ხალხმრავალ ადგილზე მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით და წარმოდგენაც არ მინდა, სადმე, ბნელ ქუჩაზე რას მოიმოქმედებდნენ.

ამ ინციდენტის ფონზე, რამდენად “სასაცილოდ” ჩანს სექსუალური შევიწროების კანონით რეგულაციის აუცილებლობა?

იმ ქვეყანაში, სადაც ფემიციდის, როგორც არაღიარებული ძალადობის რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, სადაც ქალები მუდმივად განიცდიან ჩაგვრის სხვადასხვა ფორმას, სადაც ადამიანებს კლავენ გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, სადაც ფესვგადგმულია ქალზე სექსუალური ძალადობის კულტურული პრაქტიკა, დროა, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესში. ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში სექსუალური შვიწროვების შესახებ კანონპროექტმა საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია, ვფიქრობ, რომ ცვლილებების ლოგიკურ განვითარებას ხელს ვერაფერი შეუშლის.

ესაუბრა შორენა გაბუნია