ორმოცდაათი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაჭრილია ორლანდოს გეი კლუბზე გუშინდელი თავდასხმის შედეგად. თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია – ომარ მატინი (Omar Mateen), აშშ-ის 29 წლის მოქალაქე, ისლამური სახელმწიფოს წევრი. წარმოშობით ავღანელი მატინი გამოძიების ფედერალური ბიუროს თვალთახედვის არეში რამდენიმე წლის წინ იმის გამო მოხვდა, რომ სამსახურში რადიკალურ განცხადებებს აკეთებდა. იგი ორჯერ დაკითხეს, თუმცა მისი კავშირი ექსტრემისტებთან არ დადასტურდა.
ომარის ყოფილი ცოლი სიტორა იუსიფი (Sitora Yusifiy) ამბობს, რომ მატინი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და მას ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა: „ქორწინებიდან რამდენიმე თვეში დავრწმუნდი, რომ ჩემს ქმარს არასტაბილური ფსიქიკა ჰქონდა და გავიფიქრე, რომ მისი დიაგნოზი მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზია. იგი ყოველგვარ მიზეზს გარეშე ხშირად კარგავდა თავზე კონტროლს. შიშები დამჩემდა, საკუთარი უსაფრთხოება მადარდებდა. რამდენიმე თვეში მან ჩემზე ძალადობა იწყო, საკმაოდ ხშირად და სასტიკად. ნათესავებთან ურთიერთობას მიკრძალავდა. მძევალივით ვყავდი, ისღა დამრჩენოდა, საკუთარი თავის დარწმუნება მეცადა იმაში, რომ ყველაფერი არცთუ ისე ცუდადაა. საბოლოოდ, ნათესავებმა მომაკითხეს და მისგან მიხსნეს. ამის შემდეგ, მასთან ყოველგვარი კონტაქტი გავწყვიტე. ჩემმა ოჯახმა მას აუხსნა, რომ თუ ჩემთან დაკავშირებას კიდევ შეეცდებოდა, ხელისუფლებას მივმართავდით“.
კვირაში რამდენჯერმე, ომარ მატინი ისლამურ ცენტრში დადიოდა. როგორც იმამი სიედ შაფიდ რახმანი იხსენებს, ტერორისტს ცენტრში თავისი 5 წლის ვაჟი მოჰყავდა, რომელიც იქვე თამაშობდა, ვიდრე მამა ლოცულობდა.
ომარ მატინი სპეციალური დანიშნულების რაზმმა შტურმის დროს მოკლა. ორლანდოში გეი კლუბზე თავდასხმა აშშ-ის უახლეს ისტორიაში მსხვერპლის რაოდენობის მხრივ ყველაზე მასშტაბური ინციდენტია. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამოსვლისას მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.