ლგბტქი

ტრანსგენდერი ქალების ცემის გამო 2 ადამიანია დაკავებული

სულ რამდენიმე დღეა გასული მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერ ქალს მირანდა ფაღავას ქუჩაში თავს დაესხნენ და ტრანსფობიურ ნიადაგზე, სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. 31 იანვარს დააკავეს.

4 თებერვალს, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კვლავ მიაყენეს მირანდა ფაღავას და მასთან კლინიკაში მყოფ კიდევ ორ ტრანსგენდერ ქალს.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამართალდამცავების ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამი ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი”, – ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს”, – განაცხადა ჭელიძემ.