ნატალი პორტმანი (Natalie Portman) აღიარებს, რომ ძალიან ნანობს რომან პოლანსკისთვის (Roman Polanski) მხარდაჭერის გამოცხადების გამო. 2009 წელს, რეჟისორი შვეიცარიის პოლიციამ დააკავა, 1977 წელს არასრულწლოვანი სამანტა გეიმერის გაუპატიურების გამო. მაშინ, პოლანსკის დასაცავად, კინოინდუსტრიის ასზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის პედრო ალმოდოვარმა (Pedro Almodovar), ვუპი გოლდბერგმა (Whoopi Goldberg), უეს ანდერსონმა (Wes Anderson), აზია არჯენტომ (Asia Argento), მონიკა ბელუჩიმ (Monica Bellucci), მაიკლ მანმა (Michael Mann), ფანი არდანმა (Fanny Ardant), მარტინ სკორსეზემ (Martin Scorcese), ვუდი ალენმა (Woody Allen), ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ (Alejandro Gonzalez Inarritu), დევიდ ლინჩმა (David Lynch), სტივენ ფრირზმა (Stephen Frears), ტილდა სუინტონმა (Tilda Swinton), დარენ არანოვსკიმ (Darren Aronofsky), ვიმ ვენდერსმა (Wim Wenders) და ნატალი პორტმანმა, მიმართვა გაავრცელა.
ახლა, როდესაც ნატალი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აგორებული მოძრაობების აქტივისტია, იგი აცხადებს, რომ თავის მაშინდელ საქციელს ძალიან ნანობს. „ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ჩემს საქციელზე არასაკმარისად ვიფიქრე. პეტიცია ჩემთვის ძალზე პატივსაცემმა ადამიანმა გადმომცა და ხელის მოწერა მთხოვა. დავთანხმდი, და ეს დიდი შეცდომა იყო. იმ მომენტში მეგონა, რომ გზააბნეულ ადამიანს თანავუგრძნობდი. ჩვენ სხვა დროში ვცხოვრობდით, სხვა სამყაროში, სადაც ჰოლივუდში დატრიალებული საშინელებები არც კი გაგვეგო, თუმცა, ამით თავის გამართლება დაუშვებელია“, – განაცხადა პორტმანმა.
გასულ კვირას, სამანტა გეიმერის წინაშე ბოდიში კვენტინ ტარანტინომ (Quentin Tarantino) მოიხადა მას შემდეგ, რაც ვებგვერდმა Jezebel, მისი 2003 წლის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც რეჟისორი აცხადებდა, რომ „პოლანსკის სექსუალურ კავშირს 13 წლის გოგოსთან გაუპატიურებად არ აფასებდა“.