გასულ კვირას, ჰოლივუდში ახალი სექსუალური სკანდალი გაჩაღდა, ამჯერად მორგან ფრიმანის ირგვლივ. მსახიობის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ CNN-ს 8 ქალმა უამბო, დამატებით 8 ქალმა კი განაცხადა, რომ მისი „უგვანი ქცევის“ მოწმენი გახდნენ. ქალების თქმით, გადასაღებ მოედანზე ფრიმანი ხშირად ისროდა უწმაწურ კომენტარებს მათი სხეულის ნაწილების თაობაზე, ცდილობდა ხელით შეხებებს, პროდიუსერის ერთ-ერთი ასისტენტისთვის კი კაბის აწევასაც შეეცადა. ქალების თქმით, ეს ამბები მსახიობის მონაწილეობით გამართულ პრომოკომპანიებზე, ფრიმანის საპროდიუსერო კომპანიის Revelations Entertainment-ის ოფისში ხდებოდა, უამრავი ხალხის თანდასწრებით.
ერთ-ერთი ქალის განცხადებით, ფილმზე „ლამაზად წასვლა“ (Going in Style) მუშაობისას, 2015 წელს, მსახიობი თითქმის ყოველდღიურად აკეთებდა კომენტარებს მისი ფიგურისა და ტანსაცმლის შესახებ, და მას წელზე ხელის მოსახვევად ეტანებოდა. გარდა ამისა, ფრიმანი ბევრჯერ შეეცადა მისთვის კაბის აწევას, ერთხელ კი ჰკითხა, ეცვა თუ არა ქვედა საცვალი.
ფრიმანის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება CNN-მა ჩაატარა. მსახიობის მიერ შევიწროებული ქალების უმრავლესობა აქამდე დუმდა, რადგან შიშობდა, რომ თუ ამ პრობლემაზე ხმას ამოიღებდა, სამსახურს დაკარგავდა. „მორგანი ისეთ რამეებს სჩადიოდა, რაც ხანში შესულ, მდიდარ ადამიანებს ახასიათებთ, რადგან განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობენ. მათი შეცვლა შეუძლებელია, შენი შეცვლა კი – უადვილესი“, – განაცხადა ერთ-ერთმა მსხვერპლმა.
როცა მოძრაობა #MeToo დაიწყო, ფრიმანის კოლეგები ხუმრობდნენ, რომ ვაინშტაინის მომდევნო სასჯელს მორგანი მიიღებდა.
CNN-ის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, ფრიმანმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა. მსახიობის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას „უბრალოდ კომპლიმენტების თქმა სურდა“. „ყველამ, ვინც მიცნობს და ვისაც ჩემთან უმუშავია, იცის, რომ განზრახ არავის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება ან წყენინება არ შემიძლია. ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს დისკომფორტი შევუქმენი ან დამცირება გადავატანინე, – მე ეს არ მინდოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად ფრიმანის ამ განცხადებისა, კომპანია Visа-მ გადაწყვიტა, მსახიობის მონაწილეობით რეკლამის ტრანსლირება გააუქმოს. კერძოდ, ვანკუვერის ავტობუსებსა და საქალაქო ელექტროტრანსპორტში მოხსნილია სარეკლამო განცხადებები ფრიმანის ხმის თანხლებით.
25 მაისს, მორგან ფრიმანმა ახალი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მისი ქალებზე გადაკიდებების ისტორია სრული სიცრუეა. ასევე, გამონაგონს უწოდებს იგი ქალებისთვის სექსის სანაცვლოდ კარიერული წინსვლის შეთავაზებებს. „დათრგუნული ვარ იმის გამო, რომ ჩემი ცხოვრების 80 წელი ამ ბრალდებებმა თვალის ერთ დახამხამებაში ეჭვის ქვეშ დააყენა“, – ამბობს ფრიმანი.