ნიუ-იორკში კრეატიული სააგენტო Mariotestino+ იხურება, რომელიც მოდის სახელგანთქმულმა ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ (Mario Testino) დაახლოებით ერთი წლის წინ გახსნა. მას შემდეგ, რაც ტესტინო სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს, Mariotestino+ სამმა თანამშრომელმა დატოვა, მათ შორის – სააგენტოს ხელმძღვანელმა ბრიჯიდ უოლშმა (Brigid Walsh). Mariotestino+-ის ლონდონის ოფისი ჯერ კიდევ მუშაობს. ტესტინო კვლავ კომერციულ გადაღებებშია ჩართული, თუმცა უცნობია, ვის შეკვეთაზე მუშაობს ამჟამად.
შეგახსენებთ, რომ მარიო ტესტინო წლების მანძილზე მუშაობს სახელგანთქმულ მარკებთან, Burberry-ით და Carolina Herrera-თი დაწყებული, Vogue-ითა და Mercedes-Benz-ით დამთავრებული.
ამა წლის იანვარში, The New York Times-მა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა ტესტინოსა და მისი კოლეგის ბრიუს ვებერის წარმოუდგენელი სექსუალური ქცევების შესახებ. მოწმეების თქმით, ფოტოგრაფი მათ წინაშე მასტურბირებდა, მათ აიძულებდა სექსუალურ თამაშებში მონაწილეობას, ძალდატანებით ეხებოდა, შეურაცხყოფდა. სახელოვანი ფოტოგრაფები ათწლეულების მანძილზე ბოროტად იყენებდნენ ახალგაზრდა, ჯერ კიდევ კარიერის არმქონე მოდელებსა და ასისტენტებს, და მათ თავიანთი სექსუალური ახირებების დასაკმაყოფილებელ ობიექტებად აღიქვამდნენ.
ტესტინოს მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე 13-მა კაცმა მოდელმა და ასისტენტმა ისაუბრა. ამ სკანდალის შემდეგ, ფოტოგრაფთან მუშაობაზე უარი განაცხადეს ისეთმა უმსხვილესმა დამკვეთებმა, როგორებიცაა Condé Nast-ის სახლი, Burberry, Michael Kors, Ralph Lauren, Stuart Weitzman და სხვები. ტესტინოს ადვოკატებმა ბრალდებებს სიცრუე უწოდეს, The New York Times-ის საინფორმაციო წყაროებს კი – არასაიმედო.
წყარო: wwd.com