ელენე ბლაგოდარნაია იყო ძალადობის მსხვერპლი პოლიციის თანამშრომლის ალეკო ჯინჭველაშვილის მხრიდან. მოძალადისგან თავის დაღწევის მიზნით, მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა, მათ ჯინჭველაშვილს მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ამოუწერეს.
ამა წლის 31 მაისს, ჯინჭველაშვილი დაჟინებით შეეცადა ბლაგოდარნაიას სახლში შეღწევას. მსხვერპლი შინ არ უშვებდა სახლში მოძალადე პოლიციელს, მაგრამ მას საპატრულო პოლიციამ გაუღო კარები და მოძალადეს საშუალება მიეცა, შესულიყო მსხვერპლის სახლში. პატრულ-ინსპექტორებმა ლევან ვარდოსანიძემ და კახაბერ ხვედელიძემ სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს და არ მოარიდეს მსხვერპლს მოძალადე. მათ არ მიიღეს არანაირი ზომები მსხვერპლის დაცვის მიზნით. შედეგად, მოძალადე პოლიციელმა დაჭრა ელენე ბლაგოდარნაია, ხოლო 5-6 წამის შემდეგ, ელენეს ყოფილ მეუღლეს მამუკა გაგნიძეს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.
სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით, „საფარი“ გამოძიების დაწყებას ითხოვს პატრულ-ინსპექტორების კახაბერ ხვედელიძის და ლევან ვარდოსანიძის წინააღმდეგ. მათ ვერ უზრუნველყვეს ელენესა და მისი შვილის მამის სიცოცხლის დაცვა, ასევე, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს 2 წლის თამარ გაგნიძე და სამზარეულოში მყოფი ორი პირი.
პრესკონფერენციაზე საჯაროდ ისაუბრა მსხვერპლმა, ელენა ბრაგოდარნაიამ. პატრულის სამხრე კამერით გადაღებული ვიდეოს გაცნობის შედეგად, გამოვლინდა საქმის ახალი გარემოებები. „პატაკის ჩაბარების დროს, ძალიან უხეშად და გულგრილად მიმართავს თავის მეწყვილეს და სთხოვს, ერთი გახედე, რას იხრჩობა მანდო, – მამუკა გაგნიძის მისამართით პატრულის თანამშრომელი. ჩემთან ხომ არავინ მოსულა საერთოდ, არც პირველადი დახმარება აღმოუჩენიათ, არც გამოუხედიათ ჩემსკენ საერთოდ, სასწრაფოს მოსვლამდე“, – განაცხადა ელენე ბლაგოდარნაიამ.
ვიდეოში ნათლად ჩანს პატრულის გულგრილი დამოკიდებულება მსხვერპლის მიმართ, ასევე, კოლეგიალური დახმარება პოლიციის მოძალადე თანამშრომლის მიმართ. პატრულის თვალწინ, მოძალადე მსხვერპლს მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, რასაც იმეორებს პატრულის თანამშრომელიც. ვიდეომასალიდან ჩანს, თუ როგორ ემხრობა პატრულის თანამშრომელი მოძალადე პოლიციელს მსხვერპლის მორალური შეფასებისას და თავადაც ახდენს ელენა ბლაგოდარნაიას დისკრიმინაციას სქესისა და სოციალური სტატუსის საფუძველზე. ასევე, მთელი ვიდეოს მანძილზე, მოძალადე და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი უხეშად ესაუბრებიან ელენე ბლაგოდარნაიას და ამით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ მის იქვე მყოფ მცირეწლოვან შვილზე.
თვეზე მეტია, მთავარი პროკურორის სახელზე „საფარს“ ელენა ბრაგოდარნაიას სახელით შეტანილი აქვს საჩივარი, სადაც ორგანიზაცია ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.