ათობით ადამიანი გავიდა პაკისტანის დედაქალაქის ქუჩებში ცნობილი მოდელისა და ბლოგერის ქანდილ ბალოჩის (Qandeel Baloch) მკვლელობის გასაპროტესტებლად. 26 წლის ბალოჩი პარასკევ საღამოს საკუთარმა ძმამ გაგუდა იმის გამო, რომ ადგილობრივი სტანდარტებით ზედმეტად გულახდილ ფოტოებს ინტერნეტით აქვეყნებდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, წერტილი დაესვას ქვეყანაში ე. წ. „ღირსების აღდგენის მიზნით ჩადენილი მკვლელობის“ ტრადიციას. „ღირსების აღდგენის მიზნით ჩადენილი მკვლელობა“, როგორც წესი, ქალის ოჯახის წევრების მიერ „ოჯახზე თავს დამტყდარი სირცხვილის ჩამოსარეცხად“ მიღებულ ზომადაა მიჩნეული. მკვლელობის მიზეზი შესაძლოა იყოს ტრადიციულ კანონებთან შეუსაბამო ქცევა, ცოლქმრული ღალატი ან ჰომოსექსუალობა. პაკისტანში ამგვარი სასჯელი ზოგადად მიღებული პრაქტიკაა და მას მსხვერპლად ათასობით ქალი ეწირება.
მოკლულის ძმა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, დანაშაულს აღარებს, თუმცა არაფერს ნანობს. „იგი ინტერნეტით განთავსებული ვიდეოს გამო მოვკალი. ასეთ რამეს ჩვენი ოჯახი ვეღარ მოითმენდა“, – განაცხადა მან.
ქანდილ ბალოჩმა სოციალურ ქსელებში საკუთარი ფოტოების წყალობით დიდი პოპულარობა მოიპოვა. მას „პაკისტანელ კიმ კარდაშიანსაც“ კი უწოდებდნენ. ამის პარალელურად, გოგონას აქტივობა მუსლიმ სასულიერო პირებში მწვავე კრიტიკას იწვევდა. მას არაერთხელ დაემუქრნენ, რის გამოც პოლიციას მიმართავდა, თუმცა დაცვაზე ყოველთვის უარს იღებდა.