გუშინ, “საფარმა” პრესკონფერენცია გამართა ელენე ბლაგოდარნაიას საქმესთან დაკავშირებით. ორგანიზაცია პატრულის თანამშრომლების ლევან ვარდოსანიძისა და კახაბერ ხვედელიძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. აღნიშნულის თაობაზე, “საფარმა” საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, ანუ პრესკონფერენციის დღესვე, პატრულ-ინსპექტორების ლევან ვარდოსანიძისა და კახაბერ ხვედელიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
კერძოდ, პროკურატურამ მიიჩნია, რომ საპატრულო პოლიციის კონკრეტულმა თანამშრომლებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს ელენე ბლაგოდარნაიას საცხოვრებელ ბინაში შექმნილი ვითარება, არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, რის შედეგადაც, მოქმედმა პოლიციელმა, მოკვლის მიზნით, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, საძინებელ ოთახში დაჭრა ელენე ბლაგოდარნაია, ხოლო შემდეგ, სიცოცხლეს გამოასალმა სხვა ოთახში მყოფი მისი ყოფილი მეუღლე მამუკა გაგნიძე. შესაბამისად, პატრულ-ინსპექტორების ლევან ვარდოსანიძისა და კახაბერ ხვედელიძის ქმედებაში სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები იკვეთება, რამაც ერთი ადამიანის მძიმედ დაჭრა და მეორეს სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დასახელებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით კვალიფიცირდება. გარდა ამისა, მოძალადე პოლიციელს ალეკო ჯინჭველაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას დამატებით წაეყენა 11 პრიმა 19-109 მუხლის 1 “ბ” ნაწილი და 19-109 მუხლის 3 ნაწილის “ა” და “ბ”ნაწილები. ასევე, 126-ე პრიმა მუხლით წარდგენილი ბრალის ფორმულირებაში გამოიკვეთა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა.