თანასწორობის პოლიტიკა

საჯარო ადგილებში ბავშვისთვის ძუძუს წოვება უკვე მთლიანად აშშ-შია ნებადართული

ამიერიდან, აშშ-ში მცხოვრებ ყველა ქალს თავისი ჩვილებისთვის საჯარო ადგილებში ძუძუს წოვების უფლება ოფიციალურად ექნება. შესაბამისი კანონპროექტი, როგორც იქნა, იუტასა და აიდაჰოს შტატებშიც მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კანონი ამიერიდან 50-ივე შტატში იმოქმედებს.

ამ გადაწყვეტილებით, აშშ შეუერთდა დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას, სადაც ამგვარი კანონი 2010 და 1984 წლებშია მიღებული.

იუტას კანონის თავდაპირველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ ქალებს საჯარო ადგილებში ძუძუს წოვების უფლება ექნებოდათ, “განურჩევლად იმისა, დაფარულია თუ არა მათი მკერდი”. ამ წინადადების ამოღება მაშინ გადაწყდა, როდესაც ერთ-ერთმა კანონმდებელმა აღნიშნა, რომ ამგვარი ფორმულირების მოსმენა ზოგიერთისთვის “არაკომფორტული” იქნებოდა.

ადრე, საჯარო ადგილებში ძუძუთი კვება ოფიციალურად იკრძალებოდა, თუმცა, ბევრ ქალს, მაგალითად, რესტორანში ან მაღაზიაში, ბავშვის კვების დროს საპირფარეშოში გასვლას სთავაზობდნენ. საჯარო ადგილების მხოლოდ მცირე ნაწილში არსებობდა დედებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი სოციალური ოთახები.

კანონპროექტის მოსმენისას, იუტას შტატის რესპუბლიკელმა კურტ ვებმა (Curt Webb) განაცხადა, რომ საჯაროდ ბავშვისთვის ძუძუს წოვება მასში დისკომფორტს იწვევს. “ეს კანონი იქამდე მიგვიყვანს, რომ საჯაროდ სხეულის ზოგიერთი ინტიმური ნაწილის გაშიშვლება ნორმალურ მოვლენად ჩაითვლება. მე ეს საერთოდ არ მომწონს”, – განაცხადა მან.

აიდაჰოელმა რესპუბლიკელმა პოლ ამადორმა (Paul Amador), რომელსაც ახლახან ვაჟი შეეძინა, კი განაცხადა, რომ 2018 წელს ამ კანონის მიუღებლობა უბრალოდ სირცხვილია.

“პირადად მე, გაწბილებული ვარ, რომ 2018 წლამდე აიდაჰოში არ არსებობდა კანონი საჯარო ადგილებში ძუძუთი კვების შესახებ. ვფიქრობ, რომ არჩევანი, თუ რითი და როგორ გამოკვებოს საკუთარი ბავშვი, უნდა გააჩნდეს ოჯახს და არა – მთავრობას”, – აღნიშნა მან.