აშშ-ში პოლიციელმა სერიალ “სასწრაფოს” 49 წლის მსახიობი ვანესა მარკესი (Vanessa Marquez) მოკლა.
პოლიცია ლოს-ანჯელესთან ახლოს, ვანესას საცხოვრებელ სახლში, მისი მფლობელის გამოძახების შედეგად მივიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მსახიობს შეტევა ჰქონდა და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. მალე, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა.
შერიფის წარმომადგენლის თქმით, მსახიობი მალე უკეთ გახდა, თუმცა, იქ მყოფთა მიმართ აგრესია გამოიჩინა. როგორც ჩანს, მას ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭიროებოდა.
ერთ მომენტში, ქალმა პოლიციელებს პნევმატური პისტოლეტი დაუმიზნა. ერთ-ერთმა პოლიციელმა საპასუხოდ გაისროლა, რაც საბედისწერო შედეგით დასრულდა. პოლიციელი, რომელმაც ვანესას ესროლა, ამტკიცებს, რომ იარაღი “ნამდვილივით გამოიყურებოდა”.
ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
მარკესის ახლო მეგობრის თქმით, მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ “დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობების ნიშნები არასოდეს გამოუმჟღავნებია”. თავად მარკესი სოციალურ ქსელებში ღიად საუბრობდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. კერძოდ, იგი ამბობდა, რომ “უკურნებელი სენი” სჭირს ცელიაკიის (გლუტეინის აუტანლობა) სახით. 2014 წელს, მარკესმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამბობდა, რომ ყველანაირი სახსარი ექიმებს დაახარჯა, მათ კი მისი განკურნება ვერ შეძლეს.
შარშან, ვანესამ ჯორჯ კლუნი თავისი კარიერის დაბლოკვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ “სასწრაფოს” გადაღებისას მის მიმართ მომხდარი სექსუალური შევიწროებისა და რასიზმის ფაქტების გასაჯაროების გამო, კლუნიმ მის კარიერისთვის ხელის შეშლაში დიდი როლი ითამაშა. თავის მხრივ, კლუნიმ განაცხადა, რომ მსგავს ქმედებებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.