დიდი შფოთვები და მოლოდინები უკავშირდებოდა დღევანდელ დღეს, დღეს, როდესაც უეფას თანასწორობის ჯილდოს მიღების შემდეგ, გურამ კაშიამ სამშობლოში პირველი თამაში ჩაატარა.
ეროვნულ სტადიონზე გულშემატკივრის დასწრების საკმაოდ მაღალი ინტენსივობა დაფიქსირდა. ლატვიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარეთ, კაშიას მიმართ მტრულად განწყობილმა ადამიანებმა მცირერიცხოვანი აქცია გამართეს, რამაც იმის მოლოდინი გააჩინა, რომ მაყურებლის გარკვეული ნაწილი კაშიას მიმართ მატჩის დროსაც გამოამჟღავნებდა არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას – გადაჭედილ “დინამო არენაზე” შესანიშნავად, ყოველგვარი შელამაზებისა და ილუზიორულობის გარეშე ჩანს საზოგადოების განწყობა. მატჩის წინ არსებული ერთგვარი დაძაბულობა იმანაც გაამძაფრა, რომ კაშიას მხარდასაჭერად სტადიონის მე-9 სექტორში მოსული მაყურებლის ნაწილს, შემოსასვლელში დაცვამ სხვადასხვა ცისარტყელა ატრიბუტი ჩამოართვა.
თუმცა, ნეგატივის მოლოდინი მატჩის დაწყებისთანავე სრულიად გაქარწყლდა: კაშიას ბურთთან პირველმა შეხებამ მაყურებლის მხრიდან აპლოდისმენტებითა და გამამხნევებელი შეძახილებით ჩაიარა.
ყველაზე გულისამაჩუყებელი კი, დღევანდელ მატჩზე ერთი ეპიზოდი გახდა: თამაშის დასრულების შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრები მაყურებელს მადლიერების ნიშნად სტადიონზე წრის დარტყმით მიესალმა, გურამ კაშია მე-9 სექტორს განსაკუთრებული მისალმებით შეხვდა და მხარდაჭერის გამო მადლიერების ნიშნად, მას საკუთარი მაისური ესროლა.
9 სექტემბრის მატჩმა გამარჯვების ფურცელი ჩაწერა არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქართული ლგბტ აქტივიზმის ისტორიაშიც.
შორენა გაბუნია