19 მარტს “საფარის” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია: ,,ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სამოქალაქო სამართალწარმოებაში გამოვლენილი პრობლემები.’’ კონფერენციას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, სასამართლოს, შინაგან სამქეთა სამინისტროს, პროკურატურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში. კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს “საფარის”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “საიას” იურისტებმა.
კონფერენციის პირველი პანელი ეხებოდა სოციალური სააგენტოს როლს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სამოქალაქო დავებში. კონფერენციაზე გამოვლინდა ის სისტემური პრობლემები, რომელიც თან ახლავს ასეთ დავებს, მათ შორის: სოც.მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ სასამართლოში წარდგენილი დასკვნების ხარისხი, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა, ბავშვის საცხოვრისის განსაზღვრის სირთულეები, მოსამართლეების გენდერული მგრძნობელობა და სხვა. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო იმ არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განხილვას, რომელიც ეხება ბაჟისაგან გათავისუფლებას და ხელს უშლის ქალისა და ბავშვის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობას. ასევე, განხილული იყო ის მიზოგინური პრაქტიკები, რომელსაც ხშირად განიცდიან ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი ქალი უფლებადამცველები სასამართლო პროცესის მსვლელობისას.
კონფერენციაზე ისაუბრეს იმ ხარვეზებზე, რომელიც არსებობს კანონმდებლობაში და რომელიც საჭიროებს შემდგომ დახვეწას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. გამოვლინდა ის სირთულეები, რომლებსაც სოც.მუშაკები აწყდებიან ყოველდღიურ მუშაობაში და საპატრულო პოლიციასთან თანამშრომლობისას. კონფერენციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა პრობლემების ფართო სპექტრი, რომელიც მოითხოვს სისტემურ გადაჭრას, რათა ოჯახში ძალადობის შემდგომ უზრუნველყოფილი იყოს ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა და ღირსეული ცხოვრება.
კონფერენცია გაიმართა USAID ფინანსური მხარდაჭერით, EWMI/PROLoG მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.