თანასწორობის პოლიტიკა

Dove-ის რეკლამა ქალი სპორტსმენების დისკრიმინაციის წინააღმდეგ

ბრენდმა Dove, ახალი რეკლამა წარმოადგინა, რომელიც მედიაში ქალი სპორტსმენების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ილაშქრებს.
სარეკლამო ვიდეორგოლში რამდენიმე ციტატაა მოყვანილი მსხვილი გამოცემებიდან, სადაც ყურადღება მახვილდება არა კონკრეტული ქალი სპორტსმენების მიღწევებზე, არამედ მათ მკერდზე, თმასა და სხეულის სხვა ნაწილებზე.
კამპანიის სახე ოლიმპიელი ტანმოვარჯიშე შოუნ ჯონსონი (Shawn Johnson) გახდა. “ჩემს გარეგნობაზე ბევრი რამ თქმულა: კაცსაც ვგავარ, ზედმეტად დაკუნთულიც ვარ, ზედმეტად დაბალიც და ბავშვივითაც გამოვიყურები. ვიღაცამ ისიც კი დაწერა, რომ დიდი ყურები მაქვს! კომენტატორებს და რეპორტიორებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ სავარჯიშო მოედანზე ჩემ მიერ გაწეული უდიდესი შრომა. ამის გამო, თავი ბევრჯერ უსუსურად მიგრძვნია”, – ამბობს იგი ახალ ვიდეოკლიპში. ყოფილი სპორტსმენი ყურადღებას ამახვილებს მასმედიაში გავრცელებულ უკიდურესად სექსისტურ გამოთქმებზე: “ცხელი ქერათმიანი”, “ვეება ძუძუებიანი”, “მიმზიდველუკანალიანი”, და მათ შეურაცხმყოფელს, ბანალურს და დამამცირებელს უწოდებს. 24 წლის ჯონსონი აღნიშნავს, რომ 16 წლის ასაკიდან მოყოლებული, თავადაც ხშირად ქცეულა ამ შეურაცხმყოფელი კომენტარების ადრესატად. მისი თქმით, დღევანდელ წარმატებას მხოლოდ ამ უგუნური კომენტარების სრული უგულებელყოფის შემდეგ მიაღწია.

“თუ ჩვენ ამ ამაზრზენ ტენდენციას ახლავე შევცვლით, ვიმედოვნებ, რომ სპორტსმენი ქალების მომავალი თაობა მეტ პროფესიულ წარმატებას მიაღწევს, რადგან მას გადასალახი არ ექნება ამგვარი ნეგატიური დამოკიდებულებები მედიისა და საზოგადოების მხრიდან”, – დასძინა ჯონსონმა.
სპორტსმენი ქალების მიმართ მედიაში სექსისტური დამოკიდებულების წინააღმდეგ, კამპანია სოციალურ ქსელებშიც გააქტიურდა, ჰეშთეგით #MyBeautyMySay. კამპანიის მიზანია, მედიას მოუწოდოს, წერტილი დაუსვას სპორტსმენი ქალების მიმართ სექსისტურ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.