ხვალ, 3 მაისს, 10.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძალადობის შემთხვევაზე – თეკო მიქაძის საქმესთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 26 აპრილს მოქალაქე თეკო მიქაძემ სოციალური ქსელი ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მასზე და მის მცირეწლოვან შვილზე მისივე ოჯახის წევრებმა და ოჯახის ახლობელმა დაუნდობლად იძალადეს. გარდა ამისა, მიქაძე აღნიშნავდა, რომ მასზე ძალადობა წლების მანძილზე გრძელდებოდა. “პოლიციაში წავიდე – რა აზრი აქვს – თემოს მამა პოლიციელია. მოკლედ, საშველი არაა, აი თავს რომ მოვიკლავ, იცოდეთ რომ ჩემი ცხოვრების გაუბედურებაში თქვენ მიგიღძვით ბრალი”, – ვკითხულობთ თეკო მიქაძის სტატუსში.
27 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ “შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს აღნიშნული საქმის გამოძიების მონიტორინგს”.
თეკოს თქმით, მასზე წლების მანძილზე განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციას არ ჰქონია ჯეროვანი რეაგირება, რაც სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ სისტემურ პრობლემებზე მეტყველებს. ახლა, თეკოზე ძალადობის საქმეზე იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, თუმცა თეკოს და მისი არასრულწლოვანი შვილის უსაფრთხოება მხოლოდ შემაკავებელი ორდერითაა დაცული, რაც დროებითი ღონისძიებაა.
“საფარის” დაცვის ქვეშ მყოფი თეკო მიქაძე ითხოვს, სახელმწიფომ დაიცვას მისი და მისი შვილის ინტერესები და ამჯერად მაინც მოხდეს დანაშაულის ეფექტური გამოძიება და აღსრულდეს მართლმსაჯულება.