14 აგვისტოს, სტამბოლში გაიმართება ევროპის სუპერთასის მატჩი, რომელზეც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლივერპული და ევროპალიგის გამარჯვებული ჩელსი შეხვდებიან. უეფამ განაცხადა, რომ დასახელებულ მატჩზე მთავარი არბიტრი ფრანგი სტეფანი ფრაპარი (Stéphanie Frappart) იქნება. სტეფანი პირველი ქალი მსაჯია, რომელიც უეფამ კაცების ფეხბურთში, მნიშვნელოვან ოფიციალურ მატჩზე დანიშნა.
35 წლის ფრაპარის ასისტენტები ასევე ქალები იქნებიან – ფრანგი მანუელ ნიკოლოზი (Manuela Nicolosi) და ირლანდიელი მიშელ ო’ნილი (Michelle O’Neill).
„არაერთხელ მითქვამს, რომ ქალთა ფეხბურთს უსაზღვრო პოტენციალი აქვს და მოხარული ვარ, რომ სტეფანი ფრაპარი უეფას სუპერთასის მთავარ არბიტრად დაინიშნა. ჩვენი ორგანიზაცია ყურადღებას უთმობს ქალთა ფეხბურთის განვითარებას ყველა მიმართულებით. იმედია, ის პროფესიონალიზმი და მონდომება, რომლის წყალობითაც სტეფანიმ თავისი კარიერა ასეთ მაღალ დონეზე აიყვანა, სტიმულს მისცემს გოგონებსა და ქალებს მთელს ევროპაში და მათ დაარწმუნებს, რომ ოცნების ასრულების გზაზე არ არსებობს არანაირი დაბრკოლება“, – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.