ლგბტქი

კიდევ ერთი ქამინგ აუთი ოლიმპიადაზე

იტალიელმა რაკელე ბრუნიმ (Rachele Bruni), მიმდინარე ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა ღია წყალზე 10-კილომეტრიან დისტანციაზე, ქამინგ აუთი გააკეთა და მოპოვებული ჯილდო საყვარელ ქალს მიუძღვნა.

“ჩემს გამარჯვებას ოჯახს, მწვრთნელსა და საყვარელ ქალს დილეტა ფაინას ვუძღვნი, აგრეთვე ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა და მხარს მიჭერდა. ყოველთვის უპრობლემოდ ვცხოვრობდი, ქამინგ აუთი ზარზეიმით არ გამიკეთებია. რა თქმა უნდა, არსებობენ წინასწარგანწყობებით გაძეძგილი ადამიანები, მაგრამ მე მშვიდობიანი ადამიანი ვარ. ვცდილობ, ცრურწმენებით არ ვიცხოვრო”, – განუცხადა ბრუნიმ ჟურნალისტებს.

რაკელე ბრუნის იატაკქვეშეთიდან გამოსვლამ ჟურნალისტებს საშუალება მისცა, იგი ოლიმპიადაში მონაწილე სიმბოლურ ლგბტ ნაკრებში ჩაერთოთ. ოლიმპიადის დაწყებამდე, ისინი ვარაუდობდნენ, რომ ქვიარ სპორტსმენების რიცხვი დაახლოებით 44 იყო, ახლა კი ბრუნი ოლიმპიადის 51-ე ქვიარ მონაწილე გახდა.

ერთი კვირის წინ, ქამინგ აუთი ბრაზილიელმა ძიუდოისტმა რაფაელა სილვამაც (Rafaela Silva) გააკეთა, რომელიც რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.