1 სექტემბრიდან, ჰოლანდიის საელჩოს დაფინანსებით, „საფარმა“ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის სახელწოდებაა „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის”.
საქართველოში სექსუალური ძალადობის პრობლემა მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოებაში ამ თემაზე არსებულ ტაბუებს. პრობლემის შესახებ არასაკმარისი ცნობიერების, სტიგმატიზაციისა და შურისძიების შიშის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობის, სასამართლო სისტემის არასაკმარისი მგრძნობელობის გამო, სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი კვლავინდებურად ძალზე დაბალია.
პროექტის მიზანია, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციების გზით დაეხმაროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
“საფარი” ასევე აქტიურად იმუშავებს სექსუალურ დანაშაულებზე არსებული ტაბუების დაძლევაზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერებასა და სასამართლო სისტემაში გენდერული საკითხების მიმართ მგრძნობელობის ამაღლებაზე. ასევე, “საფარი” მზადაა, საგამოძიებო ორგანოებსა და პროკურატურას ხელი შეუწყოს სქესობრივი დანაშაულების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში. ამ მიზნით, ორგანიზაცია ითანამშრომლებს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.