თბილისში დაკავებულია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 11 ადამიანი – საქართველოს, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები, რომლებიც არასრულწლოვანი ბავშვებით ვაჭრობდნენ და მათ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს და ვიდეოებს უღებდნენ.
შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.
როგორც აღმოჩნდა, აშშ-ის და ავსტრალიის დაკავებულ მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით, არასრულწლოვანთა გამოსახულებების შემცველ პორნოგრაფიულ მასალას ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით.
დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, საქმეში ჩართულ დაზარალებულ ბავშვებთან ამჟამად ფსიქოლოგები მუშაობენ.
აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: police.ge