სტატიები / ქალზე ძალადობა

რეშმა ქურეში – მოდელი დაფუფქული სახით

ორი წლის წინ რეშმა ქურეში (Reshma Qureshi) დარწმუნებული იყო, რომ მისი ცხოვრება დასრულდა. ვიდრე ეს მოხდებოდა, 18 წლის მზეთუნახავი საკუთარ გარეგნობას დიდ დროს უთმობდა. რეშმას მოდელობა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მისი ყველა გეგმა ერთბაშად გაქრა.

გოგონას პოპულარობა მის მაზლს მოსვენებას არ აძლევდა. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მან ძმაკაცებთან ერთად მისთვის „ჭკუის სწავლება“. ბოროტმოქმედები რეშმასა და მის დას ქუჩაში ჩაუსაფრდნენ. რეშმას სახეში, მის დას კი ხელზე, მჟავა შეასხეს. ქუჩაში ამ შემთხვევას ბევრი ადამიანი შეესწრო, მაგრამ ხმა არავის გაუღია. გოგონამ თვალი დაკარგა, მისი ოდესღაც მშვენიერი სახე კი უფორმო მასად იქცა. ამ ამბის შემდეგ, მისი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. სუიციდზე ინტენსიური ფიქრი დაიწყო.

რეშმას ზურგი მართლმსაჯულებამაც აქცია. მისთვის კანონით კუთვნილი კომპენსაციის მიღებაც კი შეუძლებელი გახდა, დამნაშავეებს კი უჩვეულოდ მსუბუქი სასჯელი ხვდათ წილად. ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილ გოგონას ვერც კი წარმოედგინა, თუ როგორი გახდებოდა ორი წლის შემდეგ.

რეშმას საკუთარი ტრაგედიის დაძლევაში კეთილი ადამიანები დაეხმარნენ. დღეს ქურეში მოდელი და აქტივისტია, ინდოეთში ქალებისთვის მჟავის შესხმის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი კამპანიის სახე. გოგონა მაკიაჟის საიდუმლოებებზე ვიდეორგოლებს იღებს, პოდიუმზე გამოდის და მისნაირ უამრავ ქალს ცოცხალ მაგალითს უჩვენებს, რომ ამ კოშმარის შემდეგაც გრძელდება ცხოვრება. „მშვენიერება მხოლოდ სახე და გარეგნობა არაა. თუ საკუთარი თავის გჯერათ, მშვენიერი ხართ“, – ამბობს იგი.

რეშმას სამშობლოში, ინდოეთში, კაცები ხშირად ასხამენ სახეში მჟავას იმ გოგონებს, რომლებმაც მათი წინადადება უარყვეს. 20 წლის ქურეში და მისი თანამოაზრეები მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისთვის, რომ ქალის დისკრიმინაციის ეს ფორმა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს.