ამა წლის 6 ოქტომბერს, ავიაციაში მომუშავე გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად (5 ოქტომბერი), ქალი ავიატორების წახალისებისა და „კაცურ ინდუსტრიაში“ თანასწორობის იდეის ხორცშესხმის მიზნით, Delta-ს მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა ავიაციის სფეროთი დაინტერესებული 120 მოზარდი გოგონა ამგზავრა.
რეისით „WING – მომავალი თაობის შთამაგონებელი ქალები“, 12-დან 18 წლამდე გოგონებმა სოლტ-ლეიკ-სიტიდან ჰიუსტონამდე, ნასას შტაბბინამდე, იმგზავრეს. ამ მოვლენას თავისი მიზანი გააჩნდა – ავიაციაში გენდერული სხვაობის აღმოფხვრა და მოზარდების STEM-ში მუშაობის გაგრძელების წახალისება. შეგახსენებთ, რომ STEM – აბრევიატურაა, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება: S – science, T – technology, E – engineering, M – mathematics, ანუ: მეცნიერება, ტექნოლოგია, საინჟინრო საქმე, მათემატიკა. დასახელებული პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებში მოცემული სფეროების მიმართ ინტერესის ჩამოყალიბებას და საუკეთესო კანდიდატებს მომავლის წარმატებისკენ მიმავალ გზას უხსნის.
„ავიაციაში კარიერის გაკეთება არარეალურად მესახებოდა. მაგრამ, დღეს მივხვდი: ამის გაკეთება მეც შემიძლია“, – ამბობს მე-12 STEM კლასის მოსწავლე კეიტლინი.
ფედერალური ავიაციის სამმართველოს აერონავიგაციის ცენტრის (Federal Aviation Administration’s Aeronautical Center) მონაცემებით, აშშ-ში 609 306 პილოტიდან ქალი მხოლოდ 7%-ია, ხოლო ნავიგატორი ქალები საერთოდ არ არსებობენ.
როდესაც თვითმფრინავი ჰიუსტონში დაჯდა, გოგონებმა დაათვალიერეს ნასას ფრენების მართვის ცენტრი, ასევე ჯონსონისა და ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრები. ისინი ავიაციის სფეროში მომუშავე სხვა ქალებსაც გაესაუბრნენ, მათ შორის ჯანეტ ეპსს (Jeanette Epps), რომელიც ნასას ასტრონავტი და კოსმოსური ინჟინერია.
სამახსოვრო ფრენაში მონაწილეები Delta-მ სოლტ-ლეიკ-სიტის იმ სკოლებში შეარჩია, სადაც STEM-ის ან საავიაციო პროგრამები მუშაობს. მგზავრთა შორის იყვნენ მოსწავლეები კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრიდან, ბრაიანტის საშუალო სკოლიდან (Bryant Middle School), ჯორდანის ტექნიკური ინსტიტუტიდან (Jordan Technical Institute), კარლ მეიზერის მოსამზადებელი აკადემიიდან (Karl G. Maeser Preparatory Academy) და სოლტ-ლეიკ-სიტის სამეცნიერო განათლების ცენტრიდან (Salt Lake Center for Science Education).
წყარო: abcnews.go.com