ისრაელის პოლიციამ 60 წლის რაბინი დააკავა, რომელიც ორმოცდაათამდე ქალსა და ბავშვს მონურ პირობებში აცხოვრებდა. დატყვევებული ადამიანები იერუსალიმის ულტრაორთოდოქსული რაიონის ერთ-ერთ შენობაში იპოვეს. ქალები და ბავშვები საცხოვრებელ სახლში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ თუ როგორ მოხვდნენ ისინი რაბინთან, ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის მტკიცებით, ღვთისმსახურმა ტყვეებს ჯერ ფული წაართვა, შემდეგ კი მათ მონებივით ამუშავებდა და გარესამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა.
ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება. იგი დანაშაულის ფაქტს გამორიცხავს. ცნობილია, რომ მას რვა თანამზრახველი ქალი ჰყავდა. რაბინს ასევე ფულის გამოძალვასა და ტყვეობაში მყოფი ადამიანების მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
პოლიციამ რაბინის საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფორმაცია მიიღო იმაზე, თუ როგორ სჩადიოდა რამდენიმე წლის მანძილზე მძიმე დანაშაულებს რელიგიური ლიდერი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც შენობაში ცხოვრობდა. ისრაელის პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირს ადამიანები ტყვეობაში „ქალთა სემინარიის“ საფარველქვეშ ჰყავდა, ხოლო რაბინი ქალების და ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულებს წლობით სჩადიოდა. ასევე ცნობილია, რომ მის მიერ დატყვევებული ქალები რაბინის მიერ „დაწესებულ თანამდებობებზე“ მუშაობდნენ, მაგრამ მათ ხელფასს ისევ რაბინი იჯიბავდა.
წყარო: bbc.com