სტატიები

ქალი გამომგონებლის საჩუქარი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის

სირიაში სამოქალაქო ომმა, მისი დასაწყისიდან, 2011 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამანგრეველი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. გაეროს მონაცემებით, 13,5 მილიონ სირიელს იძულებით გადაადგილებულის სტატუსი აქვს სამშობლოს საზღვრებს როგორც შიგნით, ასევე გარეთ.

ცნობილმა იორდანელ-კანადელმა არქიტექტორმა აბირ სეიკალიმ (Abeer Seikaly) საბაზისო საცხოვრებლის პრობლემის გადაჭრას მიაგნო. სავარაუდოდ, მისი გამოგონება მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირის ცხოვრებას შეცვლის.

მის მიერ შექმნილ საცხოვრისს Weaving a Home ეწოდება. მასში გამოყენებულია უნიკალური კონსტრუქციული ქსოვილი, რომელიც მაღალხარისხოვანი პლასტმასის მილებისგან შედგება. მილები სინუსისებურ ფორმებს ქმნის, რომლებიც ამინდის შესაბამისად, ფართოვდება ან იხურება. ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში, ისინი ადვილად იშლება.

ასევე, კარავს წვიმის წყლის არამარტო შეგროვების ფუნქციაც გააჩნია, არამედ – მისი გაფილტვრისა და გვერდითა ჯიბეებში შენახვისაც, რისი გამოყენებაც, მოგვიანებით, ძირითადი ჰიგიენური საჭიროებებისთვის, მაგალითად, შხაპისთვის, იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, კარავს შეუძლია, მზის ენერგია ბატარეებში აკუმულირებულ ელექტროენერგიად გარდაქმნას.

მიუხედავად იმისა, რომ კარვის მოდელზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს და იგი ჯერ დასრულებული არაა, სეიკალის იმედი აქვს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ხელმისაწვდომი იგი სულ მალე გახდება. მიზეზი, რის გამოც პროექტის განხორციელება დროში ასე გაიწელა, დიზაინის რეალურ პროდუქტად ქცევის სირთულეებს უკავშირდება; წყლისა და მზის ენერგიის ერთდროული შეგროვების პროცესის უზრუნველყოფა არცთუ ადვილი საქმეა.

აბირ სეიკალიმ არქტიტექტურისა და ნატიფი ხელოვნების სფეროში ბაკალავრის ხარისხი როდ-აილენდის დიზაინის სკოლაში 2002 წელს მიიღო. ამჟამად, იგი ცნობილი არქიტექტორი, დიზაინერი და პროდიუსერია კულტურის სფეროში.

gucmakale.com/