სექსუალობა

Gucci ტოქსიკური მასკულინობის წინააღმდეგ

იტალიის მოდის სახლმა Gucci-მ მილანში, მამაკაცების მოდის კვირეულის ფარგლებში, ჩვენება ჩაატარა, რომლის მთავარი თემები მასკულინობა და ფემინურობა, ასევე გენდერული იდენტობა გახდა. მაგალითად, ჩვენებაზე წარმოდგენილ სამოსში იყო მაისური წარწერით Impotent/Impatient, ხოლო მოდელებს, მათი გენდერის მიუხედავად, ერთმანეთის იდენტური სამოსი ეცვათ. შოუს პრესრელიზში, ბრენდმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ ტოქსიკური მასკულინობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გააჩნია.

“ტოქსიკური მასკულინობა ძალადობის, ზეწოლისა და სექსიზმის განსახიერებაა. იგი ერთდროულად შობს აგრესორებსაც და მსხვერპლებსაც. დროა, გავთავისუფლდეთ პატრიარქალური წნეხისგან და უნიფორმისგან. მოვიდა თავისუფალი თვითიდენტიფიკაციის მქონე ადამიანის დრო, რომელსაც შეზღუდვები და სტერეოტიპები არ ბოჭავს”.

“მე ყოველთვის ვმუშაობ მაისურზე, რადგან იგი თავისებური მანიფესტია. მოზარდობის ჟამს, იგი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და დღემდე, როცა რამის თქმა მსურს, ისევ მაისურს ვიყენებ”, – განაცხადა ალესანდრო მიკელემ (Alessandro Michele).

წელს ალესანდრო მიკელეს Gucci-ს სახლში კრეატიული დირექტორის პოზიციაზე მუშაობის 5 წლისთავი ხდება. ამ ხნის მანძილზე, მან რადიკალურად შეცვალა მოდის სახლის სტილისტიკა.