წლევანდელი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, ბრედ პიტისა და ხოაკინ ფენიქსის სიტყვებთან ერთად, ყველაზე სკანდალურად იმ სიტყვამ გაიჟღერა, რომელშიც კაცმა თავის 34 წლის ცოლს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი შინ, შვილებთან დარჩა.
დონალდ სილვესტერმა (Donald Sylvester), რომელმაც ოსკარი Ford v Ferrari-ს ხმოვანი რედაქტირებისთვის მიიღო, კოლეგებისთვის მადლიერების გამოხატვის შემდეგ, განაცხადა: „ნამდვილი მხარდაჭერა სახლიდან მოდის, და ამიტომაც, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს 34 წლის ცოლს, რომელმაც ჩემი კარიერის მხარდასაჭერად, თავის რეჟისორის კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა. მაგრამ, მან აღზარდა ჩვენი შვილები და გასწია შესანიშნავი სამუშაო, რადგან არც ერთი მათგანი პოლიტიკოსი არ გამოვიდა“.
ბოლო ფრაზამ პოლიტიკოსებზე დარბაზში სიცილი გამოიწვია, თუმცა, აუდიტორია ჩუმად იყო, როდესაც სილვესტრმა თქვა, რომ მისმა ცოლმა სარეჟისორო კარიერაზე უარი თქვა. ზოგიერთმა მაყურებელმა ამ ფრაზაზე აპლოდისმენტებიც შეწყვიტა.
ასევე, ამ სიტყვას უარყოფითად შეხვდა Twitter-ის მომხმარებელიც. „ყოჩაღი ქალები გმირები არიან, ისინი მსხვერპლად სწირავენ თავიანთ კარიერას, რომ თეთრკანიანმა კაცებმა გააკეთონ ის, რაც სურთ და ბავშვების აღზრდით თავი არ შეიწუხონ“, „დონალდ სილვესტრის ცოლს თავის კარიერაზე უარი რომ არ ეთქვა, იდგებოდა კი იგი დღეს ოსკარის სცენაზე?“, „მომავალში ვისურვებდით, რომ ქალების უმრავლესობას გადაეხადოს მადლობა თავიანთი ქმრებისთვის იმავე დამსახურების გამო“, – წერენ ისინი.
როგორც გამოირკვა, პენი შოუ სილვესტერს (Penny Shaw Sylvester) გაცილებით მეტი წვლილი მიუძღვის ქმრის ოსკარში. Atlanta Journal-Constitution-ის თანახმად, სწორედ მან შესთავაზა ქმარს, შესდგომოდა ხმის რედაქტირების საქმეს, როდესაც იგი კარიერის შეცვლაზე დაფიქრდა.
წყვილს ორი შვილი ჰყავს, რომლებიც ახლა 25 და 30 წლისანი არიან. პენი შოუ სილვესტერმა სრული განაკვეთით მუშაობა მაშინ მიატოვა, როდესაც ნათელი გახდა, რომ ერთ-ერთ შვილს განსაკუთრებული საჭიროებების გამო ყურადღება და მოვლა სჭირდებოდა.
„როდესაც ვიღაცას ფულს ვუხდიდი ჩემი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის მოვლაში, მაშინ მივხვდი, რომ ისინი ამას ისე კარგად ვერ გაართმევდნენ თავს, როგორც მე. არავინ იცნობს ბავშვს ისე, როგორც მშობლები. იმის თქმა, რომ მე არ ვმუშაობ, სრული უგუნურებაა“, – განაცხადა მან. ბავშვებზე ზრუნვის პარალელურად, პენი აქტიურად მუშაობს ადგილობრივ სასკოლო სისტემაში. მისი თქმით, გადაწყვეტილებაზე კინოსარეჟისორო კარიერის მიტოვებასთან დაკავშირებით საერთოდ არ ნანობს და მიაჩნია, რომ ძალზე მდიდარი და შემდგარი ცხოვრება აქვს.