ამა წლის 15 მარტს, საფარს დახმარების თხოვნით მიმართა 40 წლის თ. მ-მ.
იგი პარტნიორის მხრიდან მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა, ბოლო ხანებში კი, პარტნიორმა დაიწყო მუქარები, რომელიც შეეხებოდა თ. მ.-თვის სიცოცხლის მოსპობას. აღსანიშნავია, რომ მოძალადე წარსულში არაერთხელ ნასამართლევი პირია.
მსხვერპლის ინფორმაციით, როგორც კი იგი მოძალადესთან ურთიერთობის დასრულებას დააპირებდა, ეს უკანასკნელი ვენებს იჭრიდა და ფოტოებს უგზავნიდა მსხვერპლს, რა გზითაც მას ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა. ბოლო პერიოდში, მოძალადემ მსხვერპლის მიმართ მუქარები დაიწყო: იგი მსხვერპლს სატელეფონო და სოციალური ქსელების საშუალებით მუქარის შემცველ შეტყობინებს უგზავნიდა.
„სადმე ერთი თვით წადი, თორემ სახლთან მოვალ და მოგკლავ“, „თუ მიჩივლებ, ციხიდან რომ გამოვალ, მიწიდან ამოგთხრი და მოგკლავ“, – ამ და სხვა შეტყობინებების გაგზავნის შემდგომ, მოძალადემ თ. მ-ს გაუგზავნა ფოტო, სადაც თ. მ.-ს საცხოვრებელი სახლი ჩანს. თ. მ.-ს გაუჩნდა ძლიერი შიში, რომ პარტნიორი მას მოკლავდა.
თ. მ. საფარის იურისტთან საუბარში აღნიშნავდა, რომ პოლიციაში გამოკითხვისას იყო ძალიან შეშინებული და დაბნეული. ამიტომ, მან გამომძიებელს ვერ გადასცა მტკიცებულებები, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას მუქარის ფაქტისა და წარსულში მის მიმართ გამოყენებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ თ. მ.-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავდა სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.
ამრიგად, საფარის დახმარებით, მითითებული მტკიცებულებების შესახებ ეცნობა საგამოძიებო ორგანოს. მოთხოვნილ იქნა თ. მ.-ს დამატებით გამოკითხვა და მტკიცებულებების (აუდიო და ფოტომასალა) ამოღება. თ. მ. გამოკითხულ იქნა საგამოძიებო ორგანოს მიერ, ხოლო მტკიცებულებები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
თ. მ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე 30 აპრილს ჩატარდა წინა სასამართლო სხდომა და სასამართლოს მიერ განხილულ იქნა მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე. დასაშვებად იქნა ცნობილი ყველა მტკიცებულება და საქმის არსებითი განხილვის თარიღად განისაზღვრა მიმდინარე წლის 13 მაისი.
აგრეთვე, სასამართლომ ძალაში დატოვა მოძალადისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.