2016 წლის 19 მაისს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შრომით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქემ თ.მ.-მ, რომელიც აცხადებდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის პოზიციაზე შერჩევისას იგი საკონკურსო კომისიის მხრიდან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თ.მ.-მ ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელით. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დისკრიმინაციის ფაქტი არ დადგინდა; გადაწყვეტილების თანახმად, მოხელის შეფასება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება მსგავსი შეფასების მქონე კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთებაში. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ვაკანტურ პოზიციაზე მისი დანიშვნის უპირატესობა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თ.მ.–მ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სახალხო დამცველმა ისარგებლა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და საქმის განმხილველ სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელშიც ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხსა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას თანასწორობის უფლების დაცვის მნიშვნელობაზე.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, შეეფასებინა კონკურსანტთა შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან, თუმცა, აღნიშნული არ ათავისუფლებს ამ უკანასკნელს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილების მოტივაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი უფლებადაცვითი მექანიზმის ფუნქცია აზრს კარგავს და ჩამოყალიბდება რეალობა, როდესაც საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ თავისი დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება ვერ გახდება სასამართლოს რეალური მსჯელობის საგანი და დარჩება სასამართლოს კონტროლს მიღმა.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ აპელანტმა უნდა წარმოშვას ვარაუდი, რომ მას შეეზღუდა სამუშაოზე ხელმისაწვდომობის უფლება მისი რელიგიური შეხედულების გამო. თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ მისი გადაწყვეტილება არ იყო რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით განპირობებული და ეფუძნებოდა მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, სასამართლომ თ.მ.-ს დასაქმებაზე უართან მიმართებით შეაფასოს აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ასევე იმსჯელოს კომისიის მიერ თავისი დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობაზე.
სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრების სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ აქ: