ინგრიდ ვან ენგელსჰოვენმა (Ingrid van Engelshoven), ნიდერლანდების სამეფოს განათლების, კულტურისა და მეცნიერების მინისტრმა, განაცხადა, რომ ქვეყნის მოქალაქეების აიდი ბარათებში სქესის აღმნიშვნელი გრაფა გაქრება. მინისტრის თქმით, ეს მონაცემები პირადობის დოკუმენტებში სრულიად უსარგებლოა. პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში, იგი აღნიშნავს, რომ 2024-2025 წლებიდან, “სქესის” გრაფის ამოღებას აპირებს.
თუმცა, სქესის ჩანაწერი კვლავ იმოქმედებს ევროკავშირისთვის აუცილებელ პასპორტებში. “ნიდერლანდები არ იქნება პირველი წევრი სახელმწიფო, რომლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესი მითითებული არაა. გერმანიაში პირადობის დოკუმენტებში ასევე არაა სქესი აღნიშნული”, – დასძინა მინისტრმა.
ვან ენგელსჰოვენს მიაჩნია, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ, “თავიანთი იდენტობა ჩამოიყალიბონ და მასთან ერთად იცხოვრონ სრულ თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში”.
აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებმა 2018 წელს მესამე სქესის აღიარების საქმეში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ინტერსექსუალებად დაბადებულ ადამიანებს საშუალება მისცა, სურვილის მიხედვით, არ დარეგისტრირებულიყვნენ არც ქალად და არც – კაცად.