სტატიები

“მოდი, კაცო, “ჩულქი” გამხადე!” – გენდერული სტერეოტიპები პირუკუ

– კაცია საჭესთან, ხო? კაცი და მანქანა არ გამიგია მე!

– გოგოები დგანან ბირჟაზე და წესიერად გაიარე!

– ერთი ეს ბიჭი ჩამაბარებინა პატრონისთვის და მერე დავისვენებ!

– ღამე რომელი წესიერი ბიჭი გინახავს გარეთ?

– ყველა გოგო ნუ მოგყავს სახლთან, გიყურებენ მეზობლები!

– რომელ წესიერ ოჯახში გინახავს სიგარეტის მწეველი ბიჭი?

– ბიჭის პროფესია არ არის ეგ და ვერ ჩააბარებ!

– ოჯახში ძალადობის მსხვერპლ კაცთა თავშესაფარი.

– კაცის ჭკუა თხამ შეჭამაო.

– კაცებს გამომწვევად რომ აცვიათ, მაგიტომ აუპატიურებენ ქალები. იწვევენ ძალით, აბა რომელი ქალი იკადრებს ამას?! მოტკეცილ შორტებში რომ დადიან, რა ჰგონიათ აბა?! საკბილოს რომელი ქალი გაუშვებს ხელიდან? მინიმუმ სტვენით მაინც გავეკიდები!

– ღამის სამ საათზე რა უნდოდა ბიჭს გარეთ?

– რა კაცივით ტირი, რა იყო?

– ღამით ნუ გახვალ, რას იფიქრებს ხალხი?

– მოდი, კაცო, “ჩულქი” გამხადე!

– ერთი ჩემი ბიჭის თავი ჩამაბარებინა პატრონს და მერე არ დავეძებ!

– ნამდვილ ქალს, კაცი ვერ შეეტლიკინება!

– კაცია, გათხოვდება, ოჯახს შექმნის და წავა…

– სამი შვილის მამას რას წამოუხდია ტრაკი და წამოპლაკულა!

– ეგ რანაირი კაცია, დაულაგებელი აქვს სახლი!

– კაცი ქირურგი არ გამიგია მე, კაცი უნდა იჯდეს სახლში და ცოლს და ბავშვებს მოუაროს!

– ნამდვილი მამაკაცი დიასახლისი უნდა იყოს და ცოლს მოემსახუროს, სამსახურიდან რომ მოვა, აბა ვის გაუგია კაცის მუშაობა?

– ქალია და გაივლის სხვებთან, ეპატიება…

– იმ დღეს დავინახე, ციცოს ბიჭი ვიღაცა გოგომ მოაცილა მანქანით…

– იმ დღეს ლაშა მოაცილა მთვრალი ორმა გოგომ, თან ხელი-ხელ გადახვეულები მოდიოდნენ მთვრალები. უსირცხვილო ბიჭია, დადის აქეთ-იქით ვიღაც გოგოებთან ერთად…

– ამხელა დეკოლტე და თვალების ტყლარწვა რა პატიოსანი კაცის საქმეა?!

– ვაჟიშვილი თუ არ იქნები, არც ერთ გოგოს არ ენდომები!

– ქმარს ყველაფერს ვერ აკადრებ!

– ისე გამომწვევად იცვამენ ეს კაცები, მერე ვიღაცა გააუპატიურებს და იტყვიან, რა ჩვენი ბრალიაო – კიდე თავს იმართლებენ. შენ თუ პატიოსანი კაცი ხარ, წესიერად ჩაიცვამ და შარსაც აღარ აიკიდებ, მაგრამ არ გასვენებს გამჩენი!

– ვაჟიშვილობის ინსტიტუტი უნდა იყოს ქვეყანაში!

– შენ რა გესმის მანქანის, ვინმე კაბიანი დამალაპარაკე!

– სხვა ქალის ნათრევს ოჯახში არ შემოვუშვებ!

– შარვლიანს რა ჭკუა მოეკითხება?!

– კაცი რომ სიგარეტს ჩაიდებს პირში, ის რა კაცია?!

– კაცი ხარ, რა უნდა გელაპარაკო?!

– ქალის სიტყვა კანონია!

– კაცი რომ შინ 12-ის მერე სახლში მოვა, ის ოჯახში შესაშვებია? კაცი რომ მოკლე შორტს ჩაიცვამს და გოგოებთან ერთად გაივლის… კაცი სახლში უნდა იჯდეს და ბავშვებს ზრდიდეს. კაცი ვიცი “კუხნაში” და “სპალნაში”!

– ამ სასმისით ყველა პატიოსან და მეოჯახე კაცს გაუმარჯოს… ამ სუფრის გამწყობ და მოფუსფუსე კაცებს გაუმარჯოს!

– კაცმა ყველაფერი უნდა მოითმინოს; რა მოხდა, ქალია და გაიგულავა ერთხელ…

– აუ, ეს ცოლს გაშორდა და გაბოზდება ახლა!

– ჰე, აბა ახლა დატრიალდი, ახალი სიძე ხარ ოჯახში, ვნახოთ, როგორ დიასახლისობ!

– ქალია და ეგრეა მაგის ჰორმონები მოწყობილი, არ შეუძლია ლოდინი… რუსეთში ნამყოფია ქალი და აბა, არ გაიხედავდა სხვაგან?!

– კაცი უნდა იყოს მორჩილი!

– ეს კაცები დღეს ქალებივით იგინებიან, ფუ!

– ფეხბურთის საყურებლად გოგოები ამოვლენ, ლუდს ამოვიტანთ და რამე დაგვახვედრე!

– ნახმარი ტანსაცმელი აღარ მინდა და კაცი რად მინდა?!

– ბიჭს მეტი წინდახედულობა მართებს, ენა ყველგან არ უნდა დაიგრძელო!

– გოგოს მანქანაში არ ჩაუჯდე!

– მოიყვანს ცოლს და ჩაბარდება პატრონს!

– კაცის გაჩენა დაიწვას, ტანჯვის მეტი არაფერი ყრია მის ცხოვრებაში…

– კაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დაიჭერსო.

– კაცი ხარ, მეტი თავშეკავება გმართებს, თვალდახრილი უნდა ელაპარაკო ცოლს.

– კაცს სამი პატრონი ჰყავს ცხოვრებაში – დედა, ცოლი და ქალიშვილი.

– ქალის წინ მორბენალ კაცს ან მგელი შეჭამს, ან მგლისფერი ძაღლიო.

– ცოლი ხან ნასვამი მოვა სახლში, ხან არ მოვა, კაცმა ყველაფერზე კი არ უნდა მოუშალო ნერვები, ქალია და გაიგულავა, მთავარია ოჯახი უყვარს!

ტექსტები შეკრიბა ლელა კურტანიძემ