საფარი 2018 წლიდან იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ე. ბ.-ს ინტერესებს. ის მოძალადე ი. მ.-ს მხრიდან განიცდიდა ადევნებას, მუქარასა და ძალადობას.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, მოძალადეს 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ი. მ.-მ კვლავ განაგრძო მსხვერპლზე ძალადობა. კერძოდ, ის ქალს დახვდა საცხოვრებელი სახლის წინ, და დაჟინებით, დამცინავად და ირონიულად უმზერდა მსხვერპლს. ასევე, მოძალადემ მსხვერპლის ავტომობილის საქარე მინაზე დატოვა წერილი, სადაც ინიციალებით მინიშნებული იყო მსხვერპლის სახელი და გვარი.
შსს-ს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების მიერ, 2020 წლის 10 ივლისს შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. მოძალადემ აღნიშნული ორდერი გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საფარის იურისტებმა დაასაბუთეს ის გარემოება, რომ დაცინვა, დაჟინებული და ირონიული მზერა მოძალადის მხრიდან არასასურველი კომუნიკაციაა, რაც, თავის მხრივ, შეიცავდა ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს. ასევე, სასამართლოს წინაშე მოყვანილ იქნა სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკა.
სასამართლომ გაიზიარა მსხვერპლის ადვოკატის პოზიცია. შესაბამისად, მან ძალაში დატოვა მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოცემული ორდერი. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, „ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ და დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში, ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და მას საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს. ამგვარი ძალადობის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მსხვერპლს დაუქვეითდეს თავდაჯერება, დაეჭვდეს საკუთარი ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობაში“.
“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.