პოლიტიკაshe

„მზად ვარ, ეროვნული ლიდერობა ვიტვირთო“ – სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუს ხალხს მიმართავს

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კიდევ ერთი ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც თავის ამომრჩეველსა და ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს მიმართავს.

„ძვირფასო და საყვარელო ბელარუსო! ჩვენი ქვეყანა ურთულეს პერიოდს გადის, როდესაც მუხანათობა ჰეროიზმს ესაზღვრება, სასოწარკვეთა – სიმამაცეს, სიყვარული კი – ღალატს. ამ პერიოდში, ჩვენ ახალი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ამას ჩვენგან დრო ითხოვს. ამ დღეებში, როდესაც ჩვენს გმირებს ვკრძალავთ, მე თქვენთან ერთად ვტირი. უდანაშაულოდ დახოცილი ახალგაზრდები ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგია. აუცილებელია, ვანუგეშოთ მათი ოჯახები, მათი სახელები კი მომავალში ქუჩებს უნდა ვუწოდოთ. ისინი სამუდამოდ დარჩებიან ჩვენს მეხსიერებაში!“, – ასე დაიწყო თავისი სიტყვა სვეტლანამ.

მან ყურადღება გაამახვილა, რომ სასწრაფოდაა დასანიშნი ახალი საპრეზიდენტო არჩევნები და თავისუფალი ბელარუსის სახელით, იგი მზადაა, ეროვნული ლიდერობა იტვირთოს.

უკვე ერთი კვირაა, ბელარუსში აქციები მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და ძალოვნების აგრესიის წინააღმდეგ, რომლებმაც პროტესტების მშვიდობიანი მონაწილეები დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.