წინა კვირას, პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ვიცე-პრეზიდენტად ამჟამინდელი კალიფორნიელი სენატორი კამალა ჰარისი დანიშნოს.
კამალა ჰარისი 55 წლისაა, იგი მთელი ერთი თაობით უმცროსია 78 წლის ჯო ბაიდენზე, რომელთან ერთადაც არჩევნებში მონაწილეობს, და, გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი იქნება. თუ ბაიდენი არჩევნებში გაიმარჯვებს, ჰარისი პირველი აფროამერიკელი და აზიური წარმოშობის ამერიკელი იქნება ამ პოსტზე.
კამალა ოკლენდში დაიბადა, კალიფორნიის შტატში. იგი ემიგრანტების შვილია – დედა ინდოელი დიპლომატის ქალიშვილია, ხოლო მამა – წარმოშობით იამაიკელი. მისი ორივე მშობელი მეცნიერების სფეროში მუშაობდა – მამა სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა, დედა კი ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებულ კვლევებს აწარმოებდა. ისინი აქტივიზმმა გააერთიანა – კამალას თქმით, მშობლებს იგი საპროტესტო აქციებზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაყავდათ. მის განვითარებაზე შერეულმა წარმოშობამაც იქონია გავლენა: იგი იხსენებს, რომ როდესაც ინდოეთში ჩადიოდა, მასზე უდიდესი შთაბეჭდილება ბაბუამ მოახდინა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. სახელი კამალაც ინდური ფესვებიდან მოდის. თუმცა, ამასთანავე, გოგონა აფროამერიკულ კულტურაში იზრდებოდა, რადგან აშშ-ში ცხოვრობდა.
კამალა 7 წლის იყო, როდესაც მშობლები დაშორდნენ. მას და მის უმცროს დას დედა ზრდიდა. ბავშვობაში, იგი რასიზმთან ბრძოლისკენ მიმართული სასკოლო ინტეგრაციის პროგრამაში მოხვდა. 1954 წელს, აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ სეგრეგირებული სკოლები ანტიკონსტიტუციურად ცნო. რამდენიმე წლის შემდეგ, ამოქმედდა სეგრეგაციასთან მებრძოლი პროგრამა: მის ფარგლებში, აფროამერიკელ და ლათინოამერიკელ მოსწავლეებს იმ სკოლებში ანაწილებდნენ, სადაც თეთრკანიანი მოსწავლეები სწავლობდნენ. 70-იან წლებში, ზოგიერთ ოლქში პროგრამა ორმხრივი გახდა: თეთრკანიანი ბავშვებიც გადაანაწილეს სკოლებში, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ბავშვები სწავლობდნენ.
შარშან, კამალამ საჯაროდ კიდევ ერთხელ გაიხსენა ეს გამოცდილება. დებატების დროს, იგი ჯო ბაიდენს შეეკამათა, რომელიც წარსულში სკოლებში ინტეგრაციის პროგრამის წინააღმდეგ გამოდიოდა. „კალიფორნიაში პატარა გოგო ცხოვრობდა, რომელიც მეორე კლასში გადავიდა და მის სკოლაში არსებულ ინტეგრაციის პროგრამაში მონაწილეობდა, – განაცხადა მან, – და ეს პატარა გოგო მე ვიყავი“.
ბავშვობის ნაწილი კამალამ სხვა ქვეყანაში გაატარა – დედას კანადაში მუშაობა შესთავაზეს. უმაღლესი განათლება მან ვაშინგტონის ჰოვარდის უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც ტრადიციულად „აფროამერიკულად“ მიიჩნევა. იქ მან პოლიტოლოგია და ეკონომიკა შეისწავლა. მოგვიანებით, მან იურიდიული განათლება მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტის ჰასტინგსის კოლეჯში. კამალას კარიერა 1990 წელს დაიწყო, ოკლენდის საოლქო პროკურორის პოზიციაზე.
კამალა ჰარისის პროფესიულ ბიოგრაფიაში ბევრი აღსანიშნავი მომენტია, როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე – მისთვისაც. 2003 წელს, იგი პირველი აფროამერიკელი გახდა სან-ფრანცისკოს საოლქო პროკურორის პოსტზე, ხოლო 7 წლის შემდეგ, 2010 წელს – პირველი აფროამერიკელი და პირველი ქალი, რომელიც კალიფორნიის შტატის მთავარი პროკურორის პოსტზე აირჩიეს. მისთვის ეს ბრძოლა ადვილი არ ყოფილა: მისი მეტოქე რესპუბლიკელი სტივ კოული იყო, ხმებში სხვაობა კი – ერთ პროცენტზე ნაკლები.
2016 წელს, ჰარისი სენატის წევრია – ასევე პირველი აფროამერიკელი ამ პოსტზე, ბოლო ათწლეულის მანძილზე. ამ თანამდებობაზე იგი ძირითადად იმით დაგვამახსოვრდა, რომ თანამშრომლობდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.
გასული წლის იანვარს, კამალა ჰარისი საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო, თუმცა, ფინალამდე ვერ მიაღწია – 2019 წლის დეკემბერს, მან განაცხადა, რომ მარათონს ეთიშებოდა. ამის მიზეზად კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა. უკვე 2020 წლის მარტში, მან განაცხადა, რომ ბაიდენს უჭერდა მხარს. „ჯო ბაიდენი ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას, და ახლა ჩვენ იგი ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ აშშ-ის მომდევნო არჩეულ პრეზიდენტს დავეხმარო“, – განაცხადა მან.
ის, რომ კამალა ჰარისი შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი გახდეს, ლოგიკურ და მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩანს, მით უმეტეს მოძრაობა Black Lives Matter-ის ფონზე. თუმცა, თავად კამალა, მიუხედავად მისი სრულიად საპირისპირო პოზიციებისა დონალდ ტრამპთან მიმართებაში, მაინც ზომიერი შეხედულებების მქონე ფიგურაა.
ჰარისის კარიერაში რთული მომენტებია, რომელთა შორის ბევრი მის პროკურორის წარსულს უკავშირდება. იგი საკუთარ თავს „პროგრესულ პროკურორს“ უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ერთდროულად შესაძლებელია, იყო მკაცრი კანონდამრღვევთა მიმართ და ამჩნევდე სისტემის ნაკლოვანებებს, მისი შიგნიდან შეცვლის პარალელურად. ამის გამო, კამალას მოქმედებები ხშირად ყოფილა კრიტიკის საგანი. ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი იმ დროს უკავშირდება, როდესაც იგი სან-ფრანცისკოს საოლქო პროკურორად მუშაობდა და ებრძოდა არასაპატიო სასკოლო გაცდენებს. ჰარისის ოფისი გაფრთხილებებს უგზავნიდა მშობლებს, რომელთა შვილებმაც სკოლა გაურკვეველი მიზეზებით 15 დღეზე მეტი გააცდინეს. 2010 წელს, მისი ინიცირებით შეიქმნა კანონი, რომლის მიხედვითაც, მშობლებს, რომელთა შვილებიც გაკვეთილების 10 %-ს აცდენდნენ, ორ წლამდე ციხე და 2000$ ჯარიმა ელოდათ. ამ ამბიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, კამალამ აღიარა, რომ ამ გადაწყვეტილებას უკვე სხვანაირად უყურებს.
როდესაც ჰარისი კალიფორნიის შტატის მთავარი პროკურორი იყო, იგი შეეწინააღმდეგა სროლასთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტის უფრო ღრმა გამოძიებას, რომლებშიც პოლიციელებიც მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, მთელი თავისი კარიერის მანძილზე, იგი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო, მაგრამ 2014 წელს გაასაჩივრა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც კალიფორნიის შტატში სასჯელის ამ ზომის არსებობა ანტიკონსტიტუციურად ცნო და განაცხადა, რომ ეს მისი, როგორც შტატის პროკურორის, ვალი იყო.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჰარისის საქმიანობის შესწავლისას ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორი არსებობს. კამალა მთელი ძალისხმევით ცდილობდა, სასიკვდილო განაჩენი აერიდებინა პოლიციელის მკვლელისთვის, მაშინ, როცა ამავდროულად კალიფორნიის სასამართლოში სიკვდილით დასჯის ზომას იცავდა. მან პოლიციელებში რასისტული წინასწარგანწყობების აღმოსაფხვრელი პროგრამები დანერგა, მაგრამ არ გამოეხმაურა იმ სიტუაციის გამოძიებას, როდესაც პოლიციელი უიარაღოებს ესროდა.