სექსუალური ძალადობა

რეალისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში მონაწილეობდა

მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კრისტოფ მეტცელდერი (Christoph Metzelder) ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაშია ბრალდებული.

გამოძიების მსვლელობისას, მეტცელდერმა დაადასტურა, რომ აკრძალულ მასალებს ინახავდა და მათ სამ ქალს უგზავნიდა. გამოძიების მონაცემებით, 39 წლის ყოფილი ფეხბურთელი სმარტფონში ბავშვთა და მოზარდთა პორნოგრაფიის ამსახველ 297 ფაილს ინახავდა.

2019 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, WhatsApp-ის მეშვეობით მან სამ ქალს პორნოგრაფიული შინაარსის 29 მასალა გადაუგზავნა.

სპორტსმენი მოითხოვს, რომ გამოძიებისა და სასამართლოს მსვლელობისას, მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გახმაურდეს.

მეტცელდერი, “რეალის” გარდა, “დორტმუნდის ბორუსიასა” და “შალკეში” თამაშობდა. კარიერა 2014 წელს დაასრულა. იგი 2002 წელს, გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, 2006-ში – გერმანიის მუნდიალის ბრინჯაოს პრიზიორი.

dw.com