რაც ოჯახის საკუთრებაა, ის ოჯახის თითოეული წევრის საკუთრებაცაა.
როგორ ნაწილდება როლები ოჯახში?
თითოეული ოჯახი ინდივიდუალურია, მისი წევრები სხვადასხვა როლს ირგებენ, ფუნქციების შეთავსება ბუნების მიერ არაა დადგენილი და მისი გადანაწილება შეიძლება მოხდეს: ოჯახის ისტორიის მიხედვით, მისი კულტურული ფასეულობებით ან არსებული შეთანხმების თანახმად, თუმცა საზოგადოებაში დაფუძნებული ნორმის თანახმად, როლები გენდერული ნიშნით ნაწილდება – კაცი, ძირითადად სრულად უზრუნველყოფს ოჯახს ფინანსურად, ხოლო ქალი განკარგავს საშინაო საქმებს, დალაგებას, სადილის მომზადებას, ბავშვების მოვლას და ა. შ.
რა არის ოჯახში ძალადობა?
ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას მსხვერპლთან, რის შედეგიც აუცილებლად თვალით შესამჩნევია. ფსიქოლოგიური მანიპულაცია და ეკონომიკური შეზღუდვაც მეორე პირზე ძალადობის სახეობებია: როდესაც ოჯახის ერთ-ერთ წევრს აქვს მეტი ძალაუფლება (იქნება ეს ფინანსური თუ ფიზიკური) და ძალის გამოყენებით სხვა ოჯახის წევრებზე ახდენს ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ ზემოქმედებას, მისი სურვილის საწინაღმდეგოდ. ოჯახებში, სადაც ძირითადად მარჩენალს კაცი წარმოადგენს, საკმაოდ ხშირია ფინანსური ძალადობა, რომელიც თითქმის შეუმჩნეველია და ძალადობად არ აღიქმება. თითოეულ ოჯახის წევრს შეუძლია, თავისი წილი ფინანსები სურვილისამებრ გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გამოიმუშავა ის.
შეიძლება თუ არა, რომ ოჯახის ერთმა წევრმა აკონტროლოს, როგორ მოიხმარენ დანარჩენები ფინანსებს?
ქალების უმრავლესობას არ აქვთ ოფიციალური სამსახური და მათი სამუშაო სახლის საქმიანობით შემოიფარგლება, რაც საკმაოდ დიდ შრომასა და დროს მოითხოვს, მაგრამ არ არის ანაზღაურებადი. ამიტომ დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ისინი ფინანსურად დამოკიდებულნი არიან ოჯახის იმ წევრზე, რომელიც გამოიმუშავებს თანხას – ხშირ შემთხვევაში, კაცებზე.
მცდარი შეხედულება, თითქოს ქალის სახლში გაწეული სამსახური, ყოველდღიურად, მისი ვალდებულებაა და არა საქმიანობა, რომელიც ანაზღაურებას იმსახურებს ფინანსურად, მოძალადეებს საშუალებას აძლევს აკონტროლონ მათი პარტნიორის ცხოვრება და ისიც, თუ როგორ მოიხმარს თანხას. ზურგს ისინი იმ არგუმენტით იმაგრებენ, რომ ფინანსები მათი გამომუშავებულია და ამის უფლება აქვთ. ამ ტიპის ძალადობას კი ისე აქვს ფესვები გადგმული საზოგადოებაში, რომ ხშირ შემთხვევაში, ძალადობად არც აღიქმება და ნორმალურადაც კი ითვლება.
მოძალადეები არამხოლოდ საკუთარ გამომუშავებულ თანხას აკონტროლებენ. 1988 წელს, პროექტ The Duluth-ის ფარგლებში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ იმ თანხას, რომელსაც ქალები სოციალური დახმარების სახით იღებდნენ, საკუთარი საჭიროებისთვის კი არა, საყოფაცხოვრებო ხარჯებში ხარჯავდნენ, ეკონომიკურად მოძალადე პარტნიორების იძულებით.
სინამდვილეში, ქალს ისეთივე უფლება აქვს, თავისი წილი ფინანსები ისე მოიხმაროს, როგორც მას უნდა, და ის როლი, რომელიც მას ერგო, ნებით თუ უნებლიედ, სახლის საქმეებს გაუძღვეს, ისევე იმსახურებს ანაზღაურებას, როგორც დანარჩენი სხვა პროფესიები.
რატომაა უფრო რთული ფინანსური მოძალადისთვის თავისი დაღწევა?
ანდერსის 2007 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ ქალებს, რომლებიც ფინანსური ძალადობის მსხვერპლი არიან, უფრო მეტად უჭირთ პარტნიორთან დაშორების გადაწყვეტილების მიღება, იქიდან გამომდინარე, რომ მათ, ხშირ შემთხვევაში, არ გააჩნიათ სამსახური, თავშესაფარი, განათლება და შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელებაში დაეხმარებათ.
რაფაელის 1999 წლის კვლევამ ცხადყო, როგორ უშლიან მამაკაცები მათ პარტნიორ ქალებს, რომ განვითარდნენ და განათლება მიიღონ, ზოგიერთი ფიზიკური შეურაცხყოფით, ტანსაცმლისა და სამუშაო მასალის განადგურებით, ზოგი მაღვიძარას გამორთვითაც კი აფერხებს იმას, რომ მათი ოჯახის წევრი ქალი სასწავლებელში ან სამსახურში წავიდეს. სწორედ ეს ფაქტი ხდის ნათელს, რომ მოძალადე ყველანაირ გზას უჭრის მსხვერპლს, შეძლოს ფინანსური დამოუკიდებლობის მიღება და პროფესიული განვითარება, რაც ქალისთვის ბევრად უფრო მეტ ბარიერს წარმოქმნის და შეუძლებელს ხდის, რომ თავი დააღწიოს ძალადობაში ცხოვრებას.
ასევე, ის ფაქტი, რომ ქალების უმრავლესობა ვალდებულია, სახლის სამუშაოები და ბავშვის აღზრდა დამოუკიდებლად წარმართოს, მათ დრო აღარ რჩებათ ანაზღაურებადი სამსახურისთვის.
სტარკის მიერ 2007 წელს ჩატარებული ქალთა გამოკითხვით მტკიცდება, რომ ქალთა 89 პროცენტი ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლია, 14 პროცენტი კი გაშორების შემდეგაც, არაერთ ფინანსურ შევიწროებას განიცდის ყოფილი პარტნიორისგან.
ავტორი: ნინი ჭაღიაშვილი.
პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.